Thumbnail

'ოლიმპიადისთვის ბოლომდე ვიბრძვი' - თიბილაშვილის ბრინჯაო უნგრეთში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნინა თიბილაშვილმა უნგრეთის ქალაქ ეგერში მსოფლიო თასზე იასპარეზა
  • ქართველმა პარამოფარიკავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა უნგრეთის ქალაქ ეგერში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნინამ ჯგუფურ ეტაპზე 5 შეხვედრა გამართა, საიდანაც 4 მოიგო და ერთი წააგო, რითიც ჯგუფური ეტაპის ბარიერი დაძლია და პლეი ოფში მეხუთე ნომრად გავიდა.

თიბილაშვილმა მერვედფინალში ტაილანდელს მეტოქეს 15:7 მოუგო. მეოთხედფინალში კი საკმაოდ ტიტულოვან მეტოქეს, უნგრელ ამარელა ვერესს იმავე ანგარიშით - 15:7 სძლია. ნინა ნახევარფინალში პოლონელ კინგა დროზს დაუპირისპირდა და 3:15 დამარცხდა, რითიც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

ნინას უნგრეთში დავუკავშირდით. მან პოპსპორტთან მსოფლიო თასზე ასპარეზობა შეაჯამა და პარაოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაზე ისაუბრა.

ნინა თიბილაშვილი: ჩემი კატეგორიიდან ოლიმპიადაზე 18 სპორტსმენი მიდის. ჯამურ რეიტინგში, მსოფლიოს მასშტაბით, მეათე ადგილზე ვარ. პირველი 12 სპორტსმენი ტოკიოში გარანტირებულად მიდის, ხოლო დანარჩენი 6 მოფარიკავე ცალკე შეირჩევა. ამიტომ გვჭირდება, რომ გარანტირებული ადგილისთვისა და ლიცენზიისთვის პირველ 12 მოფარიკავეს შორის ვიყო. 

თითოეული მედალი საგრძნობლად წინ გვწევს, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე რეიტინგში. ამიტომ ამ შეჯიბრზე მედალი განსაკუთრებულად გვჭირდებოდა.

ოლიმპიადა ახლოვდება - პარამოფარიკავეებს მხოლოდ 2 შეჯიბრი დაგვრჩა: მსოფლიო თასი, რომელიც ერთ თვეში ბრაზილიაში გაიმართება და ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს. სწორედ ამიტომ, ბოლომდე ვიბრძვი. ირმა ხეცურიანს დავპირდი, რომ ოლიმპიადაზე ერთად წავალთ.

კომენტარები

ბოლო ამბები