Thumbnail

გაჟონილი ინფორმაცია - როგორ დატოვა გერმანულმა ჟურნალმა სიტი ლიგის გარეშე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

უეფამ დღეს მანჩესტერ სიტი ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა. არბიტრაჟი ამ გადაწყვეტილებამდე შორი გზით მივიდა - ყველაფერი გერმანულ ჟურნალში - 'შპიგელში' გამოქვეყნებულ სტატიების სერიას მოჰყვა.

'შპიგელმა' მანჩესტერ სიტის შიდა კორპორატიულ სისტემაში არსებული რამდენიმე ელექტრონული ფოსტის წერილი ჩაიგდო ხელში, ასევე სხვადასხვა სახის 'ინვოისები', რასაც ჰამბურგში ბაზირებულმა ჰოლდინგმა სტატიების სერია მიუძღვნა.

'შპიგელში' გამოქვეყნებული სტატიების სერია, უეფასთვის გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. გერმანელებმა გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირველი იერიში უეფასთვის სენსიტიურ თემაზე - ფინანსურ ფეირ-პლეიზე მიიტანეს და ეს კარგად გამოუვიდათ.

სიტის ფინანსური ანგარიშებზე და მფლობელთა აქტივებზე 'შპიგელს' ინფორმაცია პორტუგალიის მოქალაქემ, ვინმე რუი პინტომ მიაწოდა, რომელსაც ახლა საკუთარ სამშობლოში 147 საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის კიბერ-დანაშაული ჭარბობს.

ერთ-ერთი მთავარი დარღვევა, სიტის გენერალური სპონსორის გარშემო ამბავს მოჰყვა, სიტის Etihad-თან £67.5 მილიონიანი სასპონსორე ხელშეკრულება აკავშირებს, საიდანაც როგორც კლუბის ყოფილი ფინანსური დირექტორის - ჟორჟ კუმილასის წერილში ჩანდა, კომპანია მხოლოდ £8 მილიონს იხდის...

ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დარჩენილ ნაწილს კი კლუბის მფლობელის - შეიხ მანსურის კომპანია 'აბუ დაბის გაერთიანებული ჯგუფი' ფარავს, თანხის ოდენობა £57 მილიონს შეადგენს.

სწორედ რამდენიმე ასეთ გაუგებრობას მოჰყვა უეფას ფინანსური კონტროლის დეპარტამენტის დაინტერესება. მართალია მანჩესტერული კლუბი გაჟონილი ინფორმაციის სინამდვილეს უარყოფს, თუმცა მხოლოდ უარყოფა არბიტრაჟისთვის საკმარისი არ არის.

როგორც ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, სიტის აღმასრულებელმა დირექტორმა ხალდუნ ალ-მუბარაკმა, რამდენიმე წლის წინ მაშინ უეფას გენერალურ მდივანს (ახლა ფიფას პრეზიდენტი) - ჯანი ინფანტინოს მიწერა, რომ ჯარიმის სახით დაკისრებული 30 მილიონის გადახდას, ერჩივნა ეს თანხა მსოფლიოს წამყვან ადვოკატებში გადაეხადა - რისი გაკეთებაც ახლა ნამდვილად მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები