Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა მანჩესტერ სიტის გარეშე! უეფას მკაცრი გადაწყვეტილება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მანჩესტერ სიტი ფინანსური ფეარპლეის დარღვევის გამო მკაცრად დაისაჯა
  • ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთეს
  • სიტი 30 მილიონ ევროსაც გადაიხდის
  • კლუბმა უეფას განაჩენზე განცხადება გაავრცელა

დიდი ხანია, უეფა იმუქრება, რომ დარღვევების გამო გრანდებსაც არ დაინდობს და ახლა დაპირება აასრულა!

UPDATE: უეფას მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მანჩესტერ სიტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. ''ქალაქელები'' ფინანსური ფეარპლეის დარღვევაში დაადანაშაულეს, რის გამოც 2-წლიანი სასჯელი და 30 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს.

მანჩესტერ სიტი უეფას გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა. ინგლისური კლუბი წერს, რომ უეფას გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება არ გაუკვირდათ.

მანჩესტერ სიტი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს - კლუბის ხელმძღვანელობა უეფაში სარჩელს შეიტანს, რათა საქმე მალე გადაიხედოს. თუ უეფაში გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, სიტი ევროტურნირებზე 2020-2021 და 2021-2022 წლების სეზონში თამაშს ვერ შეძლებს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალში სიტის მადრიდის რეალს უნდა დაუპირისპირდეს. თუ მომდევნო გასაჩივრება შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა, უახლოესი წლების მანძილზე ეს სიტის ბოლო თამაშები იყოს ევროპის ელიტარულ საკლუბო ტურნირში.

გაგახსენებთ, რომ უეფამ მანჩესტერ სიტის გარშემო გავრცელებული სკანდალური ცნობების შესახებ გამოძიების დაწყება შარშან, 2019 წლის მარტში დაადასტურა. მანამდე, 2018 წლის მიწურულს გერმანულმა ჟურნალმა ჟურნალმა "შპიგელმა" Football Leaks-ზე დაყრდობით მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ არაერთი ბრალდება გაავრცელა. საქმე ეხებოდა არალეგალურ ფინანსურ ოპერაციებსა და ფულის გათეთრებას. Football Leaks-ის ცნობით, მანჩესტერ სიტი სპონსორებისგან იმაზე გაცილებით მეტ შემოსავალს აჩვენებდა, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა - ამ მანიპულაციის მიზანი ფინანსური ფეარ პლეის შესრულება გახლდათ.

შპიგელი იმასაც წერდა, რომ იტალიელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომელიც სიტის 2009-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა და ახლა იტალიის ნაკრების დამრიგებელია, ინგლისურ კლუბში რეალურად ორჯერ მეტ ხელფასს იღებდა. მისი შემოსავალი სიტიში წელიწადში 3,67 მილიონი ევრო იყო, ოფიციალური საბუთების მიხედვით კი, მხოლოდ 1,67 მილიონ ევროს იღებდა.

რეალური ხელფასის დანარჩენ ნაწილს (2 მილიონი ევრო) მანჩინის არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბი ალ ჯაზირა უხდიდა, რომელიც სიტის მფლობელს, შეიხ საიდ ბინ-ზაიედს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ მანჩინი ალ ჯაზირაში სპეციალური მრჩევლის თანამდებობაზე იყო გაფორმებული. მანჩესტერ სიტიმ იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ინგლისის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები