Thumbnail
  • მირზა სხულუხია და ელიზბარ ოდიკაძე ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ
  • კიდევ ორ ქართველ მოჭიდავეს რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვს

იტალიის დედაქალაქ რომში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 5 წევრი ჩაება, რომელთაგან ორმა ნახევარფინალში გააღწია და საღამოს სესიაში ფინალის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

პირველმა წარმატებას მირზა სხულუხიამ (70 კგ.) მიაღწია, რომელმაც მერვედფინალში ლიტველ არტიომ აუგას 6:0 სძლია, მეოთხედფინალში კი მასპინძელ ჯიანლუკა ტალამოს 6:2 მოუგო.

ნახევარფინალში მირზას მეტოქე პოლონელი მაგომედმურად გაჯიევი იქნება, რომელმაც გზიდან მაკედონიელი ფატი ვეისელი (10:0) და თურქი ჰაიდარ იავუზი (2:0) ჩამოიცილა.

მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს მოლდოველი მიჰაილ სავა და აზერბაიჯანელი აგჰაჰუსეინ მუსტაფაიევი დაეჭიდებიან.

ელიზბარ ოდიკაძე

წინ მიიწევს ელიზბარ ოდიკაძეც (97 კგ.), რომელმაც მერვედფინალში სომეხ სარგის ჰოვსეპიანს 5:0 მოუგო, მეოთხედფინალში ბელარუს დენის ხრამიანკუს აჯობა (6:3), ფინალში გასასვლელად კი ძლევამოსილ რუს აბდულრაშიდ სადულაევს შეერკინება.

ამ უკანასკნელმა ნახევარფინალამდე მაკედონიელი მაგომედგაჯი ნუროვი (8:2), თურქი იბრაჰიმ ბოლუკბაში (9:4) და აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევი (10:4) დაამარცხა.

ფინალის მე-2 საგზურის მფლობელის ვინაობას რუმინელი ალბერტ სარიტოვი და გერმანელი გენადი კუდინოვიჩი გაარკვევენ.

სამწუხაროდ, მალევე წააგეს ოთარ გოგავამ (57 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ.) და ნიკა კენჭაძემ (79 კგ.).

გოგავა მერვედფინალში ბულგარელ გეორგი ვანგელოვთან 0:9 დამარცხდა, ხინჩეგაშვილი აზერბაიჯანელ ალი რაჰიმზადეს ვერ გაუმკლავდა (0:7), კენჭაძე კი კიდევ ერთ აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვს 3:0-ს უგებდა, თუმცა, მეტოქემ ბოლო წამებზე წონასწორობა აღადგინა და გამარჯვებაც მას დარჩა.

ვანგელოვი მომდევნო წრეში დამარცხდა და ამგვარად, გოგავა შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა, რაჰიმზადე და ჰასანოვი კი ნახევარფინალში გავიდნენ და თუკი მოიგეს, ხინჩეგაშვილსა და კენჭაძეს რეპეშაჟში გაიყოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები