Thumbnail

PRO D2 - კარკასონმა ისევ მოიგო, პერპინიანმა ლიდერობა შეინარჩუნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კარკასონმა ორიაკს მოუგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
  • ყუფარაძის დაქსი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა.
  • პერპინიანი დამარცხდა, მაგრამ ლიდერობა შეინარჩუნა.

PRO D2-ის 25-ე ტური ჩემპიონატის ლიდერების მატჩი გაიხსნა. მონ დე მარსანი მონტობანს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ 9:9 დასრულდა, მასპინძლები კაცნაკლულნი თამაშობდნენ - 22-ე წუთზე მონტობანს კლემენ დარბო გაუძევეს. მონ დე მარსანმა უპირატესობა გამოიყენა. მასპინძლებმა მონტობანს ერთი ქულით გადაუსწრეს და მეორე ადგილს იკავებენ.

გიორგი ნაცარაშვილისა და მირიან ბურდულის კარკასონი მერაბ შარიქაძის გიორგი ცუცქირიძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის ორიაკს შეხვდა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ქართველმა, მირიან ბურდულმა მიიღო. ტრადიციულად, ბურდული სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის მე-40 წუთზე შეცვალეს. კარკასონმა ორიაკს 40:18 მოუგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. კარკასონს 44 ქულა აქვს და მე-14 ადგილს იკავებს.

კარკასონმა, რამდენიმე მოგების შემდეგ, გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

ელიზბარ ყუფარაძის დაქსი სტუმრად, ბექა გიგაშვილის გრენობლთან დამარცხდა. დაქსი კარკასონის უშუალო კონკურენტია და ამ გუნდისთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართველები ამ შეხვედრაშიც ისვენებდნენ. გრენობლმა 28:14 მოიგო და ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. დაქსს კარკასონმა გადაასწრო. ყუფარაძის კლუბი მე-15 ადგილზე დაქვეითდა.

ილია კაიკაციშვილისა მასისა და ბექა ბიწაძის ნარბონის შეხვედრაში 7 ლელო დაიდო. კაიკაციშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. მასი 50-ქულით მე-11 ადგილზეა. ნარბონს მინიმალური შანსი აქვს PRO D2-ში დარჩენის.

ილია კაიკაციშვილის მასიმ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

შალვა სუთიაშვილის ანგულემმა ბექა შეყლაშვილის კოლომიე 30:10 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა არცერთ ქართველს არ მიუღია. ანგულემს 55 ქულა დაუგროვდა და კოლომიეს გაუთანაბრდა.

ანგულემმა შალვა სუთიაშვილის გარეშე მოიგო.
სუთიაშვილმა ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა.

ბიარიცს ვახტანგ მაისურაძის ვანი ესტუმრა. მაისურაძე განაცხადში არ იყო. მასპინძლებმა 46:25 მოიგეს და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლეს. ვანი გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. კლუბს 47 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა.

ნევერმა პირველ ადგილზე მყოფ პერპინიანს მოუგო. მასპინძლებმა 34:9 იმარჯვეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს. გუნდს 51 ქულა დაუგროვდა და მე-10 ადგილზე აღზევდა. მიუხედავად მარცხისა, პერპინიანი პირველ ადგილზე დარჩა.

25-ე ტური ბეზიესა და ბაიონას მატჩით დასრულდება. PRO D2-ის 26-ე ტური 8 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები