Thumbnail

ძაგნიძე სამეულში რჩება - ნახევარქულიანი ჩამორჩენა მსოფლიოს ჩემპიონთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძე სენტ ლუისის უძლიერეს ტურნირზე თამაშობს
  • ქართველ მოჭადრაკეს საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი აქვს

აშშ-ს ქალაქ სენტ ლუისში მიმდინარე უძლიერესი საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 3 ტური რჩება, საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2515) კი საპრიზო სამეულში შესვლის შანსს ინარჩუნებს.

Cairns Cup 2020-ის მე-6 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ევროპის ექს-ჩემპიონსა და მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ორზგის გამარჯვებულ კატერინა ლაგნოს (რუსეთი, 2552) დაუზავდა.

შედეგად, ნანას 3.5 ქულა მოუგროვდა და რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წარმომადგენელ ალექსანდრა კოსტენიუკთან (2504) ერთად, მესამე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მესამეა.

ქართველი მოჭადრაკე მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება ლიდერებს – მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნსა (ჩინეთი, 2583) და  ჰამპი კონერუს (ინდოეთი, 2580).

მე-7 ტურში ცენტრალური სწორედ ძაგნიძისა და ვენცზიუნის პარტია იქნება, რომელშიც ნანა თეთრი ფიგურებით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ Cairns Cup 2020 წრიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 16 თებერვალს დასრულდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 180 000 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 45 ათასს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 35 ათასს, მესამეზე გასული კი - 25 ათასს.

კომენტარები

ბოლო ამბები