Thumbnail
  • Basket USA-მ ბითაძესთან ინტერვიუ პორტლენდში ჩაწერა
  • ბითაძე თავის შანსს მშვიდად ელის

ფრანგულენოვანმა ვებგამოცემა Basket USA-მ, რომელიც ინტერნეტში 1998 წლიდან არსებობს, ინდიანა პეისერსის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ გოგას პორტლენდში ყოფნის დროს არის ჩაწერილი და საიტზე ახლახან გამოქვეყნდა:

"ევროლიგის გასული სეზონის "ამომავალი ვარსკვლავი" გოგა ბითაძე ამჟამად დიდ დროს პეისერსის სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ინდიანას ქართველი ახალბედა დანებებას არ აპირებს, ის მშვიდად აგრძელებს შრომასა და ელის თავის შანსს...

მეტი ამ თემაზე:

გოგას სადებიუტო სეზონში სათამაშო პრაქტიკა აკლია

გოგა ბითაძე მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა პეისერსის ახალბედას შესანიშნავი CV აქვს "ბებერ კონტინენტზე".

მართალია, მას ლუკა დონჩიჩის მწვერვალებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ევროპის სამ ქვეყანასა და ოთხ კლუბში ითამაშა, ევროლიგა ტრამპლინად გამოიყენა და ახლა ინდიანას კალათბურთელია.

გოგა 16 წლის ასაკიდან პროფესიონალია, ამიტომ მშვიდად ხვდება იმ ფაქტს, რომ საშუალოდ მხოლოდ 9 წუთს თამაშობს და 3 ქულასა და 2 მოხსნაზე მეტი არ აქვს თამაშში.

მაგრამ ის მშვიდად ელის ნეით მაკმილანის როტაციაში თავის ადგილს. 

მან ასევე კარგად იცის, რომ ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისი კერპის, ზაზა ფაჩულიას იმედი, რომელიც მას, როგორც უფროსი ძმა ისე ექცევა...

ყველაფერი მართლა კარგად არის

BasketUSA: გოგა, როგორ შეაფასებდით თქვენს სადებიუტო სეზონს NBA-ში?

ბითაძე: მე მას კარგ შეფასებას მივცემდი - ვაგრძელებ NBA-თან ადაპტაციას. ეს სრულიად განსხვავებული ლიგაა, თუ ევროპას შევადარებთ. ყოველ დღე ახალ-ახალ რამეს ვიგებ. ვცდილობ, გავიზარდო, როგორც კალათბურთელი და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

BasketUSA: NBA ისეთია, როგორიც წადმოგედგინათ?

ბითაძე: სანამ ჩამოვიდოდი ამერიკაში, NBA-ს თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ასე რომ, წარმოდგენა მქონდა, სად მოვდიოდი. მაგრამ, როცა თამაშობ, მხოლოდ მაშინ აღმოაჩენ, რომ აქ თამაში გაცილებით სწრაფია. ეს ალბათ ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის.

BasketUSA: ადაპტაციის პროცესში ყველაზე რთული რა არის?

ბითაძე: ბევრი თამაშია და რიტმის შენარჩუნება რთულია. თანაც, ყოველი დაპირისპირება განხვავებულია. მწვრთნელი და გუნდელები ყოველთვის მეხმარებიან და მიადვილებენ ცხოვრებას. ყველაფერი მართლა კარგად არის.

BasketUSA: სეზონის დასაწყისში მეტი სათამაშო დრო გქონდათ, ვიდრე ახლა, როგორ უმკლავდებით ამას?

ბითაძე: მწვრთნელის გადასაწყვეტია, რამდენს ვითამაშებ. მე თუ მკითხავთ, უნდა ვიყო მზად, როცა ის ჩემს გვარს გამოაცხადებს. არაფერი რთული ამაში არ არის, მუდამ მზად უნდა იყო.

BasketUSA: რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ როტაციას დაუბრუნდეთ?

ბითაძე: გავაგრძელო შრომა, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. ვიცი, ჩემი დროც მოვა.

ევროლიგა ძალიან დამეხმარა

BasketUSA: როგორ ფიქრობთ, საკმარისად მოგამზადათ ევროლიგამ NBA-თვის?

ბითაძე: ცხადია, რომ ევროლიგა ძალიან დამეხმარა. ევროლიგა, ალბათ, მსოფლიოში მეორე ლიგაა სიძლიერით. ევროლიგაში გამოცდილი კალათბურთელებისა და ნამდვილი ვარსკვლავების წინააღმდეგ მიწევდა თამაში. სწორედ პოდგორიცაში თამაშის დროს მივხვდი, რომ ძალების მოსინჯვა ოკეანის გაღმაც შემეძლო. 

გოგა შარშან ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი გახდა

BasketUSA: ევროლიგა და NBA - რა არის ყველაზე დიდი განსხვავება?

ბითაძე: ფიზიკური ორთაბრძოლები ევროპაშიც სერიოზულია, ძალზე სერიოზული. აი, სისწრაფეში კი დიდი სხვაობაა. ევროპა იყო - დაცვა და მოწინააღმდეგის შეჩერება, ამერიკა კი სირბილი და ქულების ჩაგდებაა.

BasketUSA: ძნელია, დაცვითი კალათბურთიდან "ღიაზე" გადასვლა?

ბითაძე: კალათბურთი ასეთია - ნებისმიერ ლიგაში დაცვა მნიშვნელოვანია, აქ თამაში უფრო დიდხანს გრძელდება. თუმცა NBA ცალსახად ყველაზე საუკეთესო საკალათბურთო ლიგაა, ის დომინანტია.

BasketUSA: თქვენი პროფესიული კარიერა VTB ლიგაში დაიწყო, თბილისში. ასე ახალგაზრდულ ასაკში პროფესიონალებთან თამაში წაგადგათ ამერიკისთვის?

ბითაძე: თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ ყველა სირთულე ახლა ყოველდღიურად მადგება ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ასაკში NBA-ს მოთამაშე ვარ. 

BasketUSA: როგორ ეგუებით უფრო ინტენსიურ ცხოვრებას ამერიკაში?

ბითაძე: ძალიან ბევრი მატჩი და ბევრი მგზავრობა გვიწევს. ბიჭები მეხმარებიან. მაგრამ ერთიცაა -დავფრინავთ კერძო თვითმფრინავით და არ ველოდებით, ვჩერდებით ბრწყინვალე სასტუმროებში, ცხოვრება მშვენიერია. უფრო იოლია, ვიდრე ევროპაში.

ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის მზად ვარ

BasketUSA: ზაზა ფაჩულიამ გვითხრა, რომ შენ ნაკრების მომავალი ლიდერი ხარ, თამასა ძალიან მაღალია...

ბითაძე: მზად ვარ ჩემს ქვეყანას დავეხმარო, როცა დავჭირდები. ეროვნულ ნაკრებში გულით ვთამაშობ, ძალებს არ ვზოგავ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ჯერ ბევრი მიკლია, რომ ნაკრების ვარსკვლავი მეწოდოს და ზაზას დონეზე ვთამაშობდე.

ზაზა გოგას რჩევებით ხშირად ეხმარება

BasketUSA: ნაკრებში თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თქვენ - ფარქვეშ პრობლემები არ უნდა იყოს...

ბითაძე: დიახ, ჩვენ დიდი გუნდი გვყავს. თანაც, მომავალი ევრობასკეტი საქართველოში ჩატარდება, ეს კი დიდი უპირატესობაა. იმედი მაქვს, რომ მეც ვითამაშებ ევრობასკეტზე. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები