Thumbnail
  • 69-ე ოლ სტარს ჩიკაგო მასპინძლობს
  • მაყურებელი პირველი ორი დღის განმავლობაშიც ბევრ საინტერესოს ნახავს
  • კობის საპატივცემულოდ ოლ სტარი განახლებული ფორმატით ტარდება
  • ლებრონის გუნდი უფრო ძლიერად გამოიყურება

კვირა ღამეს 69-ე 'ოლ სტარია' - უდიდესი საკალათბურთო შოუ კალათბურთის, თუ შოუ-ბიზნესის სუპერვარსკვლავებით, ახალი ფორმატით და დიდი მოლოდინებით. წლევანდელ 'ოლ სტარს' ჩიკაგო მასპინძლობს - პირველად 1988 წლის შემდეგ.

პროგრამა - რას უნდა ველოდოთ

'ოლ სტარის' სახელით უფრო ხშირად ერთ კონკრეტულ თამაშს იხსენიებენ ხოლმე. რეალურად, ეს ღონისძიებების მთელი სერიაა, რომელიც მთელი უიქენდის მანძილზე გრძელდება, ფინალური თამაში კი ამ უიქენდის შემაჯამებელი ამბავია. კალათბურთის გულშემატკივარს სამდღიანი საკალათბურთო ზეიმი ელის.

პირველ დღეს 'ოლ სტარის' სახელგანთქმული სტუმრების, ე.წ. სელებრითების თამაშია. შორიდან შეიძლება არცთუ ისე საინტერესოდ გეჩვენოს, მაგრამ ამერიკისთვის დიდი ამბავია, რადგან 'ოლ სტარი' უპირველეს ყოვლისა სპორტული ღონისძიება კი არა, ვარსკვლავების თავშეყრის ადგილია. მათ შორის კინოს, მუსიკის, ტელევიზიის ვარსკვლავების.

‘სელებრითების’ თამაშზეც NBA-ს ყოფილი მოთამაშეები (დარიუშ მაილსი და ქვენთინ რიჩარდსონი), ქალთა NBA-ს ვარსკვლავები (ეი-ჯა უილსონი და ჩელსი გრეი) და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები (რონი 2K, ენტონი ადამსი, ბედ ბანი და სხვები) დიდ შოუს მოაწყობენ. გართობა და სიცილი თუ გინდათ, ‘სელებრითების’ თამაშს უნდა უყუროთ.

ამავე დღეს თამაშობენ ამომავალი ვარსკვლავები - ანუ ის ხალხი, რომლებმაც ბოლო ორ სეზონში შეაბიჯეს NBA-ში. ამომავალი ვარსკვლავები კონტინენტების მიხედვით არიან განაწილებულები. ამერიკის გუნდი დანარჩენი მსოფლიოს გუნდს ეთამაშება. NBA-ში არაამერიკელი მოთამაშეების რიცხვი ყოველ წელს იზრდება და წელსაც რთული სათქმელია, ვის უფრო ვარსკვლავური გუნდი ჰყავს. ამერიკელების ტრეი იანგს, ზაიონ უილიამსონს და ჯო მორანტს დანარჩენი მსოფლიოს ლუკა დონჩიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი და არჯეი ბარეტი დაუპირისპირდებიან.

გასულ წელს ამომავალი ვარსკვლავების თამაშში საუკეთესო კაელ კუზმა იყო

მეორე დღეს უკვე საკალათბურთო უნარების დემონსტრირების დროა. მოთამაშეები ერთმანეთს სამქულიანებში, ტექნიკასა და ჩატენვებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

სამქულიანების შეჯიბრს ტრავმის გამო ყველაზე დიდი სახელი გამოაკლდა - დემიენ ლილარდმა ბოლო მომენტში ტრავმის გამო 'ოლ სტარზე' მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. მის გარეშე შეჯიბრის ფავორიტები ახალგაზრდა მოთამაშეები ტრეი იანგი, ბადი ჰილდი და ზაკ ლევინი იქნებიან.

ტექნიკის, ანუ სქილების შეჯიბრში რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდაა - სპენსერ დინვიდი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ბემ ადებაიო და რაც ცოტა უცნაურია, გოგა ბითაძის თანაგუნდელი დომანტას საბონისი, რომელიც NBA-ს ყველაზე ტექნიკურ მოთამაშეებს შორის ნამდვილად არ განიხილება.

მათი კონკურენტი NBA-ს რამდენიმე გამოცდილი ვარსკვლავია - დერეკ როუზი, კრის მიდლტონი, ჯეისონ ტეიტუმი და პასკალ სიაკამი.

ტრადიციულად, ყველაზე მთავარი, ჩატენვების კონკურსი წელს უფრო ნაკლებად სოლიდურად გამოიყურება. სულ ოთხი კანდიდატია და არცერთი მათგანი NBA-ს დიდი ვარსკვლავების რიცხვში არ შედის. ყველაზე დასამახსოვრებელი ვეტერანი დუაიტ ჰოვარდის კონკურსზე გამოჩენაა. ჰოვარდმა შორეულ 2008 წელს ჩატენვების კონკურსი ერთხელ უკვე მოიგო. მაშინ მან ძალიან შთამბეჭდავი ე.წ. სუპერმენის დანქი შემოგვთავაზა.

2008 წელი: დუაიტ ჰოვარდის სუპერმენის დანქი

მისი მთავარი კონკურენტი კი ალბათ აარონ გორდონი იქნება. გორდონი ერთხელ უკვე იყო ჩატენვების კონკურსში და მაშინ მშვენიერი დანქებით მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა.

უიკ-ენდის მესამე დღეს კი უკვე მთავარი სანახაობა ელის გულშემატკივარს. ლებრონის გუნდი იანისის გუნდის წინააღმდეგ.

კობის ფაქტორი და ახალი ფორმატი

2020 წლის 'ოლ სტარს' სხვა დატვირთვაც აქვს - სულ ცოტა ხნის წინ კობი ბრაიანტი დაიღუპა და, ეჭვგარეშეა, რომ NBA-ს ვარსკვლავები ყველაფერს გააკეთებენ, რომ წლევანდელი თამაში კობისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ გამოიყენონ.

კობი და ჯანა ოლსტარზე

სწორედ კობის ტრაგედიის შემდეგ, ლიგის ხელმძღვანელობამ 'ოლ სტარის' ახალი ფორმატი მოიფიქრა. თითოეული მეოთხედის ანგარიში ცალკე დაითვლება - ანუ, გუნდები 3 მეოთხედს ცალკე თამაშად ითამაშებენ და თითოეული მეოთხედის გამარჯვებული ქველმოქმედებისთვის საპრიზო ფონდს მიიღებს (100 ათასი დოლარი).

ყველაზე საინტერესო ის არის, რაც მეოთხე მეოთხედში ხდება. ბოლო პერიოდის წინ პირველ სამ, დამოუკიდებლად ნათამაშებ მეოთხედში ჩაყრილი ქულები დაჯამდება და მეოთხე მეოთხედს უკვე დროის გარეშე, ანგარიშზე ითამაშებენ. საბოლოოდ ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც მეოთხე მეოთხედში პირველი ავა ანგარიშში ლიდერი გუნდის ჩაყრილ ქულებს +24 ქულამდე. ეს 24 კობის საპატივცემულოდ გაკეთდა. ანუ, უფრო მარტივად, რომ ვთქვათ: თუკი სამ მეოთხედში დაჯამებული ქულების მიხედვით, მაგალითად, ლებრონის გუნდი უგებს იანისის გუნდს ანგარიშით 100:90, მეოთხე მეოთხედში თამაში 124 ქულამდე (ანუ ლიდერი გუნდის 100 ქულა + კობის 24) ითამაშებენ და ვინც პირველი ავა, მოგებულიც ის არის.

ოლ სტარის კრიზისი

ორგანიზატორებს 'ოლ სტარის' ფორმატში სიახლეები ბოლო წლებია უცვლელად შეაქვთ და სავარაუდოა, რომ კიდევ შეიტანენ. ეს იმის ბრალია, რომ იმ ფონზე, როდესაც NBA-ს პოპულარობა სულ უფრო და უფრო მატულობს, 'ოლ სტარის' ნახვადობა მცირდება და დღის წესრიგში მისი რეფორმირების საკითხი დგას. თუკი უწინ კალათბურთი უფრო დაცვითი და აგრესიული იყო და გულშემატკივარს ოლ სტარზე შოუს ელემენტების ნახვა შეეძლო, ახლა, თანამედროვე, უფრო შემტევ თამაშში შოუს ელემენტები რეგულარული სეზონის შეხვედრებშიც ხშირია. ეს კი 'ოლ სტარისადმი' ინტერესის ზრდას ხელს არ უწყობს.

მოკლედ წლევანდელი 'ოლ სტარი' დაგვანახებს, თუ რამდენად გაამართლებს ახალი ცვლილებები.

ლებრონი თუ იანისი

ბოლო წლებია, ოლ სტარის ძირითად შემადგებლობას NBA-ს უპირველესი ვარსკვლავები ასახელებენ - ის ხალხი, ვინც გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ზედიზედ მეორე წელია, ლებრონი და იანისი ლიდერობას არავის უთმობენ და ეს ლოგიკურია. კავაი ლეონარდთან ერთად (ტრავმირებულ კევინ დურანტს გამოვტოვებთ) სწორედ იანისი და ლებრონი არიან თანამედროვე NBA-ს ყველაზე მთავარი ვარსკვლავები.

ლებრონი და იანისი

თითქოს ეს სისტემა თანაბარი გუნდების შექმნას უნდა უწყობდეს ხელს, თუმცა პირიქით მოხდა. ლებრონის გუნდი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე იანისის. შესაძლოა, ისინი წინასწარ შეთანხმდნენ და ორივემ მხოლოდ თავისი კონფერენციის მოთამაშეები შეარჩია. ასე მაგალითად, იანისს შეეძლო ლებრონის პირველი არჩევანის შემდეგ (ენტონი დევისი) კავაი ლეონარდი, ან ჯეიმს ჰარდენი აერჩია, მან კი ჯოელ ემბიიდს მიანიჭა უპირატესობა. ამის შემდეგაც მას შეეძლო ლუკა დონჩიჩი, ან ჰარდენი აეყვანა, მან კი პასკალ სიაკამი გადაწყვიტა. საერთო ჯამში ისევ ისე გამოვიდა, როგორც წინა წლებში - ძირითად შემადგენლობაში ლებრონს სულ დასავლეთ კონფერენციის მოთამაშეები ჰყავს, იანისს კი - აღმოსავლეთის.

ლებრონის გუნდის სტარტერები: ლებრონი, ჰარდენი, დონჩიჩი, ლეონარდი, დევისი.

იანისის გუნდის სტარტერები: იანისი, ტრეი იანგი, სიაკამი, ემბიიდი, კემბა უოკერი.

ბოლო წლებში სტაბილურად უფრო ძლიერი დასავლეთ კონფერენციის ფონზე ეს ქაღალდზე ლებრონის გუნდს უპირატესობას აძლევს. იანისს საერთოდაც ერთდროულად ორი მოთამაშე (პასკალ სიაკამი და ტრეი იანგი) ჰყავს, რომელიც წელს პირველ 'ოლ სტარს' თამაშობს. აღსანიშნავია ისიც, რომ იანისის გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან არცერთ მათგანს არ აქვს 4-ზე მეტი 'ოლ სტარი' ნათამაშები, დასავლეთში კი მხოლოდ ლებრონისთვის ეს მე-16 ოლ სტარია.

იანისის გუნდის ძირითადის მოთამაშეებს ჯამურად მხოლოდ 13 'ოლ სტარი' აქვთ ნათამაშები, ლებრონის გუნდის წევრებს კი - 36. ლებრონის გუნდს წინა ორი 'ოლ სტარი' მოგებული აქვს და წელსაც ფავორიტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. სათადარიგო სკამზეც ლებრონს ბევრად უფრო ვარსკვლავური გუნდი ჰყავს. მაშინ, როცა მისი გუნდის თამაშს კრის პოლი, რასელ ვესტბრუკი, ნიკოლა იოკიჩი და დონოვან მიტჩელი გააძლიერებენ, იანისის გუნდში სკამიდან ყველაზე სახელიანი მოთამაშე ჯიმი ბატლერია.

კიდევ ერთი ინტრიგა ის არის, თუ ვინ გახდება ოლ სტარის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე. ყველაზე მეტჯერ ეს ტიტული კობი ბრაიანტს და ბობ პეტიტს აქვთ მოგებული - ისინი ოთხჯერ იყვნენ ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშეები. წელს ლებრონს წარმატების შემთხვევაში შეუძლია მათ დაეწიოს.

ოთხი მოგებული MVP-ს ტიტულით კობი ისტორიაში საუკეთესოა

ამ ტიტულის მოგების ამბიცია აუცილებლად ექნება იანისსაც. მით უმეტეს, რომ მის გუნდში იგი გამორჩეულად ყველაზე ვარსკვლავური მოთამაშეა და სავარაუდოდ სხვებზე მეტი სროლა ექნება, მაშინ, როდესაც ლებრონის გუნდში სროლები ჰარდენს, დონჩიჩს, ლეონარდს, დევისსა და თავად ლებრონს შორის აუცილებლად განაწილდება.

აღსანიშნავია, რომ ლებრონის გუნდში ეს პრიზი ერთდროულად ოთხ მოთამაშეს აქვს მოგებული - თავად ლებრონს, ენტონი დევისს, კრის პოლს და რასელ ვეტსბრუკს, იანისის გუნდიდან კი ეს გამოცდილება ჯერ არცერთს არ ჰქონია.

დანარჩენი უნდა ნახოთ - ძალიან ფერადი და ყველაზე ვარსკვლავური შოუ დიდი ემოციებით.

კომენტარები

ბოლო ამბები