Thumbnail

CR7 და ახალი მილიონები - რონალდომ იუვენტუსი უკეთეს ბრენდად აქცია!

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • კრიშტიანო რონალდოს მისვლის შემდეგ, იუვეს სპონსორები უფრო მეტს უხდიან
  • CR7 იტალიურ კლუბს მოედნის მიღმაც ეხმარება

კრიშტიანო რონალდო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ბერვისთვის იგი საუკეთესოცაა. რეალში ასპარეზობისას ყველა ფიქრობდა, რომ პორტუგალიელი კარიერას მადრიდში დაასრულებდა, თუმცა 2018 წელს მან ახალი გამოწვევა მიიღო და ტურინის იუვენტუსში 105 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

რონალდო ტურინული გრანდის რიგებში საკმაოდ კარგად გამოიყურება. ახლა უკვე 35 წლის ფეხბურთელმა 71 მატჩში 51 გოლის გატანა მოახერხა. რონალდომ პირველივე სეზონში ორი ტიტულის მოგება შეძლო და მისი მთავარი მიზანი ტურინულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

კრიშტიანო იუვნეტუსს მოედნის მიღმაც ძალიან გამოადგა. პორტუგალიელმა იტალიურ კლუბს დიდი შემოსავალი მოუტანა. მეგა-ტრანსფერის შემდეგ “ალიანცმა” იუვესთან ახალი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანია კლუბს 103.1 მილიონ ევროს გადაუხდის. ხელშეკრულება 2030 წლამდე გაფორმდა და მისი მიხედვით, იტალიური კლუბი წელიწადში 10.3 მილიონ ევროს მიიღებს. შესაძლოა, თანხა არც ისეთი დიდია, თუმცა რონალდოს მოსვლის შემდეგ “ალიანცის” გარდა, იუვეს დაფინანსება სხვა კომპანიებმაც გაზარდეს.

მაგალითად, რონალდოს ტრანსფერამდე, “ადიდასი” იუვენტუსს წელიწადში 'მხოლოდ' 23.25 მილიონ ევროს უხდიდა. პორტუგალიელის მისვლამ “ადიდასის” ინტერესები გაზარდა და კომპანიაში გადაწყვიტეს, დაფინანსება გაეზარდათ. ახლა "ადიდასი" იუვეს 51 მილიონ ევროს უხდის.

კრიშტიანოს ბევრი პირადი ფანი ყავს და კლუბის გამოცვლის შემდეგ, გულშემატკივრებიც თან მიყვებიან. “ბიანკონერიმ” რონალდოს მაისურების გაყიდვით დიდი თანხა მიიღო. საერთო ჯამში, იუვემ 100 მილიონი ევროს მაისური გაყიდა და ამით ბარსელონას, რეალ მადრიდს და მანჩესტერ იუნაიტედს დაეწია.

“ჯიპმა” ასევე გაუზარდა დაფინანსება იუვენტუსს. ავტომწარმოებელი რონალდომდე კლუბს წელიწადში 17 მილიონ ევროს უხდიდა, ხოლო გასულ სეზონში მათ უკვე 42 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ამრიგად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რონალდომ იუვენტუსი უკეთესი ბრენდი გახადა და კლუბს უკვე ძალიან დიდი მოგება მოუტანა.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ინტერი
  • ლაციო

კომენტარები

ბოლო ამბები