Thumbnail

‘ახლა, წყენისა და გაბრაზების დრო არაა’ – პაპუნაშვილის წარდგენა რასინგში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფეხბურთელმა სანტანდერში პრესკონფერენცია გამართა
  • გიორგი პაპუნაშვილის მინდორზე დაბრუნებას კვირას ელიან

ეპანურმა რასინგმა გიორგი პაპუნაშვილის ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც მანამდე სარაგოსაში თამაშობდა, სანტანდერელებთან კონტრაქტი (სეზონის ბოლომდე) ჯერ კიდევ იანვარში გააფორმა, თუმცა, მისი წარდგენა ახლაღა მოხდა.

საინტერესოა, რომ პაპუნაშვილის პრესკონფერენცია ქართულ ენაზე წარიმართა. როგორც გიორგიმ აღნიშნა, მას ვარჯიშებზე მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, თუმცა, ესპანური ენის დახვეწა ჯერ კიდევ სჭირდება და ამდენად, დამხმარედ ქართველი თარჯიმანი ჰყავდა.

“ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჩემთვის პატივია, რომ ასეთ ცნობილ კლუბში ჩავირიცხე. შემოთავაზებები სხვა ესპანური და უცხოური გუნდების მხრიდანაც მქონდა, თუმცა, რასინგის დარი ისტორიის მქონე არცერთი ყოფილა.

ამასთან, გუნდის ხელმძღვანელობის ხედვა მომეწონა და ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.

ადაპტაციის პერიოდი წარმატებით გავიარე, რადგანაც გუნდში ძალიან თბილად დამხვდნენ და ყველაფერი კარგად მიდის.

ტრავმის გამო, დიდი პერიოდი გამიცდა და ფიზიოთერაპევტთან ერთად ბევრი ვიმუშავე, რათა მინდორზე დავბრუნებულიყავი.

ტკივილებმა მიკლო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კვირას დაგეგმილი მატჩისთვის მზად ვიყო.

მესმის, რომ ახლა კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვიმყოფებით. გუნდი ბოლო ადგილზეა და ეს, ქომაგებშიც გარკვეულ იმედგაცრუებას იწვევს, თუმცა, სწორედ ახლაა საჭირო ერთად დგომა. წყენისა და გაბრაზების დრო არაა.

სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა და თუკი ერთიანობა იქნა, ლიგაში ადგილის შენარჩუნება შესაძლებელია.

პირადად მზად ვარ, რათა რასინგის წინსვლისთვის მაქსიმუმი გავიღო. თამაში შემიძლია როგორც ცენტრში, ასევე – მარჯვენა ფლანგზე. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.

აქვე, ჩვენს ახალ თავკაცს ხოსე ლუის ოლტრას თანამდებობაზე დანიშვნასა და წარმატებულ დებიუტს ვულოცავ. მას თავისი ხედვები აქვს, რომლებიც იმედია წარმატებას მოგვიტანს”.

ცნობისთვის, პაპუნაშვილს სანტანდერელთა რიგებში უკვე 2 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი ახალ გუნდში დებიუტი 16 იანვარს დეპორტივოსთან შეხვედრაში შედგა, სადაც შეცვლაზე გამოჩნდა, ლას პალმასთან უკვე სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, შემდეგ კი, ისევ ტრავმამ იჩინა თავი.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მოთამაშე რასინგს 27 ტურის თავზე 24 ქულა აქვს და 22-ე ადგილზეა, ამასთან, სამშვიდობო ზონაში მყოფ ოვიედოს 5 ქულით ჩამორჩება. პაპუნაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 16 თებერვალს, შინ, ხიხონის სპორტინგთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები