Thumbnail
  • საქართველოს ქალთა ნაკრების 11-ადგილიანი წინსვლა
  • გოგონები გაისად ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში ითამაშებენ

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებს ფედერაციის თასზე წარმატებული თამაში დაუფასდა და განახლებულ კლასიფიკაციაში სოლიდური წინსვლა განიცადა.

ქართველი ჩოგბურთელები რეიტინგში 11 ადგილით დაწინაურდნენ და 277.82 ქულით 53-ე ადგილზე იმყოფებიან, კონკრეტულად ევრო-აფრიკულ ზონაში კი, სადაც თამაში უწევთ ხოლმე, 33-ე საფეხურზე დამკვიდრდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინე გორგოძე, მარიამ დალაქიშვილი, ზოზია ქარდავა და ოქსანა კალაშნიკოვა იცავდნენ, კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილი იყო, წარმატებას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ტურნირზე მიაღწია.

4-7 თებერვალს გამართული ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის მატჩებში საქართველოს ნაკრები ჩინებულად გამოიყურებოდა.

ქართველმა გოგონებმა ჯგუფში ისრაელს, ტუნისსა და მოლდოვას აჯობეს, პლეიოფში კი მასპინძელი ფინეთიც დაამარცხეს და დანიის მსგავსად, საგაისოდ, I ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

აქვე ფედერაციის თასის რეიტინგის მოწინავე ათეულსაც გაგაცნობთ:

1. საფრანგეთი – 1038.17 ქულა; 2. ავსტრალია – 965.5, 3. აშშ – 908.84. 4. ჩეხეთი – 873.05, 5. ბელარუსი – 872.08. 6. გერმანია – 825.04, 7. რუსეთი – 775.74, 8. რუმინეთი – 747.77, 9. ესპანეთი – 741.43, 10. სლოვაკეთი – 676.46.

კომენტარები

ბოლო ამბები