Thumbnail
  • გიორგი შერმადინის ეფექტური სლემი მე-2 ადგილზე გავიდა
  • ქართველი ცენტრი მეოთხედფინალში ყოფილ გუნდს ეთამაშება

ეპიზოდი გიორგი შერმადინის მონაწილეობით ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის TOP 5 მომენტს შორის მოხვდა.

აშშ-ს G ლიგის წარმომადგენელ რიო გრანდესთან ნახევარფინალურ მატჩში მე-2 ტაიმი მიმდინარეობდა, როდესაც ქართველმა ცენტრმა სწრაფი შეტევისას ალექს ლოპესის პასი მიიღო და ეფექტური სლემი შეასრულა.

საუკეთესო ხუთ მომენტს შორის შერმადინის ჩატენვა მე-2 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ტენერიფეში გამართული მინი-ტურნირი სწორედ მასპინძელთა ტრიუმფით დასრულდა.

ესპანურმა კლუბმა ნახევარფინალში ხსენებულ რიო გრანდეს 110:89 სძლია (შერმადინმა 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა), ფინალში კი, იტალიურ ვირტუს ბოლონიას 80:72 მოუგო (გიორგის მონაგარი 18 ქულა და 7 მოხსნა იყო).

ცნობისთვის, იბეროსტარი უკვე მალაგაში იმყოფება, სადაც ხვალ სტარტს ესპანეთის სამეფო თასის გათამაშება აიღებს.

შერმადინის გუნდს მეოთხედფინალური მატჩი 14 თებერვალს ელის, მეტოქედ კი ქართველი ცენტრის ყოფილი გუნდი მორაბანკ ანდორა ეყოლება.

საინტერესოა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ტენერიფე ნახევარფინალში უნიკახა-სარაგოსას მატჩში უმჯობესზე გადის და ჩვენებურს ამ ორივე გუნდშიც უთამაშია.

ესპანური კალათბურთის გრანდები რეალი და ბარსელონა ბადის მე-2 ნახევარში მოხვდნენ (რეალი ბილბაოს ეთამაშება, ბარსელონა - ვალენსიას), ამდენად, ნაადრევი ფინალი უკვე ნახევარფინალშია მოსალოდნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები