Thumbnail

ჟურნალისტური გამოძიების შედეგები: კობის ტრაგედიაში პილოტის შეცდომა გამოიკვეთა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • 'ნიუ იორკ თაიმსმა' კობი ბრაიანტის ტრაგედიას ჟურნალისტური გამოკვლევა მიუძღვნა
  • კატასტროფა უამინდობის გარდა, პილოტის შეცდომამაც განაპირობა
  • იმ დღეს ყველა ფრენა გადაიდო, არა ზობაიანმა კი ფრენის გადაწყვეტილება მიიღო
  • თვითმხილველის თქმით, პილოტი ხეობაში ზედმეტად დაბლა შეფრინდა

კობი ბრაიანტის კატასტროფასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ‘ნიუ იორკ თაიმსის’ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. ‘თაიმსი’ ამერიკის ალბათ ყველაზე გავლენიანი გაზეთია, რომელმაც კობის კატასტროფას დეტალური გამოკვლება მიუძღვნა და სრულად აღადგინა კობის ბოლო ორი დღე და საბედისწერო ფრენის დეტალები.

მას შემდეგ, რაც გამოძიებამ პირველადი დასკვნით შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა გამორიცხა, ‘ნიუ იორკ თაიმსმა’ კატასტროფის მიზეზად სამი ფაქტორი დაასახელა: ორ უკვე ცნობილ მიზეზთან (უამინდობა და ცუდ ამინდში ფრენასთან არადაპტირებული შვეულმფრენი) ერთად, კატასტროფა პილოტის შეცდომამაც განაპირობა.

ექსპერტები კატასტროფის ადგილზე

პილოტის შეცდომა ორ ეპიზოდში იკვეთება. პირველი: სწორედ მან მიიღო ფრენის საბოლოო გადაწყვეტილება. შვეულმფრენის მგზავრები აეროპორტში 09:00-ზე იკრიბებოდნენ, კობის შვილის გუნდს თამაში 12:00-ზე ჰქონდა და კობი მამბა-აკადემიაში მისვლას თამაშამდე დაახლოებით ორი საათით ადრე, 10:00-ზე გეგმავდა. არა ზობაიანის ახლობლები თითქმის გამორიცხავენ იმ ვერსიას, რომ კობის შეიძლება პილოტი ეიძულებინა, ცუდი ამინდის მიუხედავად ფრენა დაეწყო.

📋 მეტი ამ თემაზე:

იმ დღეს, იმავე აეროპორტიდან თითქმის ყველა ჩარტერული ფრენა გადაიდო. მხოლოდ კომერციული ფრენები სრულდებოდა, რომლებსაც ის შვეულმფრენები და თვითმფრინავები ასრულებდნენ, რომელთაც უამინდობაში ფრენისთვის განკუთვნილი ტექნიკური აღჭურვილობა ჰქონდათ. კობის შვეულმფრენს ეს აღჭურვილობა არ ჰქონია და მხოლოდ პილოტის ხილვადობის იმედად იყო. მანაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფრენა უნდა შესრულებულიყო.

შვეულმფრენი კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე

მეორე და საბედისწერო შეცდომა უკვე ფრენის პროცესს უკავშირდება. არა ზობაიანმა კობისთან ერთად წინა დღეს, შაბათს, იგივე ფრენა შეასრულა. ამჯერად, მან სხვა გზით გადაწყვიტა გაფრენა, რადგან ღრუბლებში წინა დღის მსგავსად ჰოლივუდის ბორცვების თავზე გადაფრენა არ გარისკა. ანუ, ის იმ გზით წავიდა, რომელსაც ნაკლებად იცნობდა და სწორედ ამიტომ, ტრასას მიუყვებოდა.

მას ღრუბლების გამო სიმაღლის რამდენჯერმე შეცვლა მოუწია. ზუსტად კატასტროფის წინ, იგი 700 მეტრის სიმაღლიდან დაეშვა და ხეობაში შეფრინდა. შვეულმფრენი დაინახა სკოტ დელინმა, რომელიც სანტა მონიკას მთებში 57 წელია ცხოვრობს - მისი თქმით, შვეულმფრენი ძალიან დაბლა მიფრინავდა იმ მიმართულებით, საითაც მთები იყო, თუმცა ეს მთები ნისლის გამო არ ჩანდა. სკოტ დელინმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან ხმამაღლა თქვა: „არა, დაბლა ხარ - Oh, no, it is too low’. შვეულმფრენი ნისლში შეფრინდა და რამდენიმე წამში შეჯახების ხმა გაისმა. სკოტ დელინი პირველი იყო, ვინც 911-ში დარეკა. კვლევის მიხედვით, პილოტი ადგილმდებარეობაში ვერ გაერკვა, ზედმეტად ქვემოთ დაეშვა და ნისლში მთებს დაეჯახა.

კატასტროფის ადგილი

გამოძიების კიდევ ერთი დეტალის მიხედვით, კატასტროფის ადგილზე სულ რამდენიმე წამში იყვნენ ველოსიპედისტები, რომლებიც მთებში სეირნობდნენ. თუმცა დარტყმის და აფეთქების ძალა იმდენად დიდი იყო, რომ მაშინვე მიხვდნენ, ადგილზე არავის გადარჩენა არ შეეძლოთ და სახელმწიფო სამსახურებს დაელოდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები