Thumbnail

ჯანელიძის კონტრაქტი ნაპოლისთან – ქართველი კალათბურთელი სერია A2-ში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიგა ჯანელიძემ დატოვა ტრიესტე, სადაც თამაში არ უწევდა
  • ქართველი ფორვარდი მე-8 სეზონია იტალიაში ასპარეზობს

24 წლის ქართველი კალათბურთელი გიგა ჯანელიძე კარიერას იტალიის სერია A2-ს ბინადარ ნაპოლიში გააგრძელებს.

ჯანელიძემ სეზონი სერია A-ს წევრ ტრიესტეში დაიწყო, თუმცა, ფაქტობრივად, თამაში საერთოდ არ უწევდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ახალ გუნდში აღმოჩნდა.

იტალიის ჩემპიონატში უკვე ჩატარებულ 20 ტურში გიგა მხოლოდ 2-ჯერ გამოჩნდა, მთლიანობაში მოედანზე 8 წუთი გაატარა და აქტივში ერთადერთი ორქულიანი ჰქონდა.

აი, რა თქვა ქართველმა ფორვარდმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ:

“ნაპოლიში იმისთვის ჩამოვედი, რომ გუნდის წინსვლაში ჩემი წვლილი შევიტანო. უკვე მწვრთნელის განკარგულებაში ვარ და იმედია, ყველანი ერთად წარმატებული სერიის გაგრძელებას მოვახერხებთ”.

გიგა ჯანელიძე ნაპოლის მაისურით

და რა სერიაზე საუბრობს ჯანელიძე? საქმე ის გახლავთ, რომ ნეაპოლელებს სერია A2-ში ზედიზედ 3 მატჩი აქვთ მოგებული, მათ შორის კი, ერთპიროვნულ ლიდერ ბასკეტ ტორინოსთან გამარჯვებაც იყო.

ახლა, ნაპოლის 12 მოგება და 11 მარცხი აქვს და დასავლეთ დივიზიონში მე-7 ადგილზეა, პლეიოფში თამაშის უფლებას კი მოწინავე 8 გუნდი მიიღებს.

სავარაუდოა, რომ ქართველი ლეგიონერის დებიუტი 16 თებერვალს შედგება, როდესაც ნაპოლი ედილნოლ ბიელას უმასპინძლებს.

ვთქვათ ისიც, რომ ჯანელიძე იტალიურ კალათბურთში ჯერ კიდევ 2012 წელს გამოჩნდა და ტრიესტეს გარდა, კასალპუსტერლენგოს, ურანია მილანოს, როსეტო ბასკეტის, ავრორა ჯესი ბასკეტისა და დინამო კალიარის მაისურითაც უთამაშია.

გიგას საუკეთესო პერიოდი სწორედ სარდინიელთა რიგებში ჰქონდა, სადაც საშუალოდ 8.2 ქულასა და 4.8 მოხსნას აგროვებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები