Thumbnail
  • სერბეთის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
  • იგორ კოკოშკოვს ქართველებთან გამორჩეული შეხვედრა ელის

სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა შემადგენლობა დაასახელა ფინეთთანა და საქართველოსთან მატჩებისთვის, რომლებიც ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით შედგება.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის სერბი სპეციალისტი 2008-15 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა და ჩვენი გუნდი ზედიზედ სამ ევრობასკეტზე (2011, 2013 და 2015) ათამაშა, ამდენად, მისთვის ქართველებთან დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოკოშკოვმა საქართველოს შემდეგ, სლოვენიის ეროვნული გუნდი ჩაიბარა და ევრობასკეტი 2017-ს გამარჯვებულიც გახდა.

ამჯერად, იგორს უკვე მშობლიური ქვეყნის ნაკრები ანდეს და მისი ოფიციალური ნათლობა სწორედ ევროპის მომავალი პირველობის შესარჩევ რაუნდში შედგება, კონკრეტულად კი, E ჯგუფში, სადაც სერბეთის, საქართველოსა და ფინეთის გარდა, შვეიცარიაც ირიცხება.

20 თებერვალს, როდესაც საქართველო სწორედ შვეიცარიას უმასპინძლებს, სერბები ესპოოში ფინეთს ეთამაშებიან, 23-ში კი, ბელგრადში საქართველოს ნაკრები ჩავა, ხოლო შვეიცარია ფინეთს დაუხვდება.

კოკოშკოვმა მომავალი მატჩებისთვის 15 კალათბურთელი შეარჩია, რომელთა შორის, უკვე ცნობილი მიზეზების გამო, არ არიან NBA-სა და ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები.

მათ გარდაც, სერბეთის შემადგენლობა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ნაკრების უმთავრეს ვარსკვლავად კი გამოცდილი მილოშ ტეოდოსიჩი უნდა მივიჩნიოთ.

32 წლის მცველს ყველაზე ნაყოფიერი წლები ბერძნულ ოლიმპიაკოსსა (2007-11) და რუსულ ცსკა-ში (2011-17) აქვს გატარებული, მომდევნო 2 წელი ლოს ანჯელეს კლიპერსში თამაშობდა, ამჟამად კი, იტალიური ვირტუს ბოლონიას ღირსებას იცავს, რომელსაც ამას წინათ, გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი მოუგო.

ტეოდოსიჩს სერბეთის ნაკრებში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლები აქვს მოგებული, გასულ წელს ჩინეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე კი, სადაც მისმა ქვეყანამ მე-5 ადგილი დაიკავა, ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

წაიკითხედიქსონი ბრუნდება! შენგელიას და ბითაძის გარეშე - ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა

ეროვნულ გუნდში დიდი როლი აკისრია 32 წლის ცენტრ მიროსლავ რადულიცასაც, რომელსაც ნბა-ში (მილუოკი, მინესოტა) თამაშის გამოცდილება ასევე აქვს, ცნობილ ევროპულ გუნდებშიც (პარტიზანი, პანათინაიკოსი, მილანი) უთამაშია, ამჟამად კი, ჩინური ჯიანგსუ დრაგონსის ღირსებას იცავს.

მოულოდნელი იყო ნაკრებში 33 წლის ნოვიცა ველიჩკოვიჩის გამოძახება. ვეტერან მძიმე ფორვარდს ქვეყნის უმთავრეს გუნდში ბოლოს 2010 წელს თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰქონდა ნათამაშები, თუმცა, ბოლო პერიოდში ბელგრადის პარტიზანის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და კოკოშკოვის ყურადღებაც მიიქცია.

სერბეთის ნაკრები მომავალი მატჩებისთვის მზადებას 16 თებერვალს ბელგრადში დაიწყებს, ორიოდ დღეში კი გეზს ფინეთისკენ აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2021 2-19 სექტემბერს ოთხ ქვეყანაში (საქართველო, იტალია, გერმანია, ჩეხეთი) ჩატარდება და მასპინძლებს ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 ნაკრები 8 ჯგუფშია გადანაწილებული და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას სამ-სამი საუკეთესო მიიღებს, ცხადია, გარდა იმ ჯგუფებისა, სადაც ტურნირის მასპინძელი ქვეყნები ირიცხებიან (იქიდან 2 საუკეთესო და მასპინძლები გავლენ).

სერბეთი საქართველოსთან მატჩისთვის

მილოშ ტეოდოსიჩი (ვირტუს ბოლონია, იტალია), მიროსლავ რადულიცა (ჯიანგსუ დრაგონსი, ჩინეთი), ნიკოლა რებიჩი (ენისეი, რუსეთი), დეიან ტოდოროვიჩი (ანდორა, ესპანეთი), ალეკსა ავრამოვიჩი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), მარკო სიმონოვიჩი (ცედევიტა, ხორვატია), დეიან კრავიცი (ობრადოირო, ესპანეთი), დალიბირ ილიჩი (იგოკეა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ოგნიენ იარამაზი, უროშ ტრიფუნოვიჩი, რადე ზაგორაცი, ნოვიცა ველიჩკოვიჩი (ყველა – პარტიზანი), ალეკსა რადანოვი, სტეფან ჯორჯევიჩი (ორივე – FMP), ოგნიენ დობრიჩი (ცრვენა ზვეზდა).

კომენტარები

ბოლო ამბები