Thumbnail
  • გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისი ბოლო წამებზე დამარცხდა
  • ქართველ კალათბურთელს წარუმატებელი მატჩი ჰქონდა

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა NCAA-ში მოპოვებული ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ, მიჯრით მე-3 მარცხი განიცადა და ამ შემთხვევაშიც, წარუმატებლობა ბოლო წამებზე შეემთხვა.

ილინოისი უშუალო კონკურენტ მიჩიგანს მასპინძლობდა და უკანასკნელი შეტევა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე წამოიწყო.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აი დოსუნმუ მეტოქის ფარისკენ დაიძრა და სროლას აპირებდა, როდესაც ფეხი გადაუბრუნდა და ბურთი დაკარგა.

შედეგად, ილინოისელებმა პრინციპული თამაში ხომ წააგეს და მნიშვნელოვანი კალათბურთელი, ტრავმის გამო, გაურკვეველი დროით დაკარგეს.

გასული მატჩი წარმატებული ქართველი კალათბურთელისთვისაც არ ყოფილა. ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში კი გამოჩნდა, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა.

აღნიშნულის მიზეზი სავარაუდოდ ის იყო, რომ გიორგის არაერთი შეტევა გაუცუდდა.

ქართველმა ფორვარდმა 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი და საჯარიმო კი ააცილა და აქტივში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა, პასივში კი – 3 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ფოლი.

ილინოისს ბიგ თენის კონფერენციაში 8 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და მე-5 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი 16 თებერვალს, სტუმრად, მისდარი მონაგარის მქონე რატგერს სკარლეტ ნაიტსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები