Thumbnail

წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ლიგაზე მეორე მატჩი წააგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 7:19 საბერძნეთი | 1:5, 2:4, 3:5, 1:5 
  • საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ორივე მატჩი წააგო

საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა. რევაზ ჩომახიძის გუნდმა მეორე მატჩი თბილისში, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა და 7:19 დამარცხდა. მატჩი ბერძენი წყალბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც მოსალოდნელი იყო. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მარკო ელაჩა იყო, რომელმაც 3 გოლი გაუტანა მეტოქეს.

საქართველოს ნაკრებმა ორი კვირის წინ დაასრულა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, სადაც მე-10 ადგილი დაიკავა და ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. პარალელურად, დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, გუნდი კი ძირითადად ეროვნული ნაკრების წყალბურთელებით არის დაკომპლექტებული. ქართველ წყალბურთელებს მჭიდრო და რთული კალენდარი აქვთ, რაც საბერძნეთთან თამაშის ხარისხზე შესაბამისად აისახა.

საქართველოს ნაკრებს წამყვანი მოთამაშეები აკლდა, მათ შორის ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია და ანდრია ბითაძე

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს წამყვანი მოთამაშეები აკლდა, მათ შორის ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია და ანდრია ბითაძე. უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე საბერძნეთმა ადვილად მოიგო თამაში, იტალიასთან ერთად მომდევნო ეტაპზე გავიდა და გააგრძელებს ბრძოლას მსოფლიო ლიგის მოსაგებად. აქვე აღვნიშნოთ, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი იტალიასთან 3:14 წააგო. ჯგუფში პირველი ადგილი იტალიამ დაიკავა, რომელმაც საბერძნეთს 9:6 მოუგო.

საქართველო 7:19 საბერძნეთი
1:5, 2:4, 3:5, 1:5 

გოლები: 1:5 ელაჩა, 2:7 ელაჩა, 3:7 შუშიაშვილი, 4:9 ელაჩა, 5:13 ვაპენსკი, 6:14 ცრეპულია, 7:16 ბარალდი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები