Thumbnail
  • ყაზანის რუბინმა ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი როტორში გაანათხოვრა
  • ფეხბურთელები პირველი დივიზიონის ლიდერ გუნდში სეზონს ჩაამთავრებენ 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე კარიერას რუსეთის პირველ ლიგაში გააგრძელებს. ყაზანის რუბინის 22 წლის ფეხბურთელი, თანაგუნდელ ნიკა ყიფიანთან ერთად, სეზონს იჯარით ვოლგოგრადის როტორში ჩაამთავრებს.

ბექა მიქელთაძემ რუბინს მოსკოვის დინამოსთან მატჩში მოაგებინა

მიქელთაძე ყაზანურ კლუბში სეზონის წინ, კვიპროსული ანორთოსისიდან, თავისუფალი აგნეტის სტატუსით გადავიდა და ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ბექამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 11 მატში ითამაშა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

23 წლის ნახევარმცველმა ნიკა ყიფიანმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, რუბინის ღირსება პრემიერლიგის 3 მატჩში დაიცვა და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. 

როგორც ჩანს, ორივე ფეხბურთელზე უარი რუბინში ზამთარში დანიშნულმა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომლის განკარგულებაში ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი რჩება: ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.

სლუცკის მისვლის შემდეგ, რუბინის ქართული ლეგიონი შემცირდა

რაც შეეხება მიქელთაძისა და ყიფიანის ახალ გუნდს, როტორს 25 ტურის შემდეგ 52 ქულა აქვს და რუსეთის პირველი დივიზიონის სატურნირო ცხრილს ლიდერობს და ელიტაში გადასვლის უმთავრესი კანდიდატია. 

ბექა მიქელთაძე სამშობლოში ზესტაფონში, თბილისის დინამოსა და რუსთავში გამოდიოდა, 2018 წლის ზაფხულში კი ანორთოსისში გადაბარგდა. ცენტრფორვარდი გამოდიოდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. ახალგაზრდულ ნაკრებში მის ანგარიშზე 13 მატჩი და 5 გოლია.

თბილისში დაბადებული ნიკა ყიფიანი მოსკოვის ლოკომოტივის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, იცავდა რუსეთის ასაკობრივი ნაკრებების (19-წლამდელების ჩათვლით) ღირსებას და ამ გუნდების ერთ-ერთი ლიდერიც იყო. ნიკა 2016 წლიდან კვიპროსში გადაბარგდა, სადაც ეთნიკოსში, ომონიასა და ერმისში ითამაშა. 2019 წელს ეროვნული ლიგის რუსთავში აღმოჩნდა, რომლის მაისურით ჩემპიონატში 13 მატჩში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები