Thumbnail

სადილი პრეზიდენტთან - რას უპირებს ანდრეა ანიელი მაურიციო სარის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსმა ბოლო 3 მატჩიდან 2 წააგო და სარის პოზიციები შეირყა 
  • კლუბის პრეზიდენტმა გუნდის თავკაცთან შეხვედრა გამართა 
  • ანდრეა ანიელი 61 წლის მწვრთნელს ენდობა, მაგრამ შედეგს სთხოვს 

ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, მაურიციო სარისთან შეხვედრა გამართა. ამას წინ უძღოდა გუნდის არცთუ დამაჯერებელი თამაში ჩემპიონატში - იუვემ ბოლო სამი მატჩიდან ორი წააგო და ცხრილში ლიდერობა ინტერს დაუთმო. 

ამას უმალ მოჰყვა ხმები ტურინული კლუბიდან მაურიციო სარის შესაძლო გაშვების შესახებ, მის სავარაუდო შემცვლელებად კი მასიმილიანო ალეგრი და ხოსეპ გვარდიოლა დასახელდნენ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ სარი სადილზე მიიწვია. შეხვედრის დროს საუბარი ძირითადად გუნდის არადამაკმაყოფილებელ თამაშსა და შედეგებს შეეხო. ასევე განიხილეს სეზონის გადამწყვეტი ნაწილის წინ მნიშვნელოვანი მომენტები. შეხვედრას მოგვიანებით კლუბის გენერალური დირექტორი ფაბიო პარატიჩიც შეუერთდა.

იტალიური მედია ანიელისა და სარის შეხვედრის კადრს ავრცელებს

იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, ანიელიმ სარის ნდობა გამოუცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მომავალ მატჩებში დადებით შედეგებს ელოდება. ახლო მომავალში იუვენტუსი იტალიის თასის ½-ფინალში მილანს დაუპირისპირდება, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში ლიონთან სტუმრად და შინ ითამაშებს. შუალედში სარის გუნდს სერია A-ში მნიშვნელოვანი შეხვედრა ინტერთან მოუწევს.

ზოგადად, ანიელი იუვენტუსის მწვრთნელთან ასეთ შეხვედრას პირველად არ მართავს. ანალოგიური ვითარება იყო შარშანაც, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ატლეტიკოსთან დაპირისპირების წინ და მაშინ იუვენტუსის პრეზიდენტი გუნდის მაშინდელ თავკაცს, მასიმილიანო ალეგრის შეხვდა.

61 წლის მაურიციო სარიმ ტურინის იუვენტუსი 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა და კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები