Thumbnail

დიბალას და ბუფონის შოუ - იუვენტუსმა ლაციო ბოლოს წუთზე გატეხა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომში პაულო დიბალამ გოლი ბოლო წუთზე, დაწოლილმა გაიტანა.
  • არგენტინელის ანგარიშზე სერია A-ს 21 მატჩში გატანილი 15 გოლია. 
  • წინ ტოტენჰემია...

ლაციო 0:1 იუვენტუსი

რომის ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე იხილა, მაგრამ ამის ცდა ღირდა. ეფექტური გოლი პაულო დიბალამ გაიტანა, იუვენტუსმა კი 3 ქულა მოიპოვა და ლიდერ ნაპოლისთან სხვაობა შეამცირა.

როგორც ჩანს, "ბებერი ქალბატონი" დედაქალაქში სათამაშოდ განსაკუთრებულად შემართული მაინც არ ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მასიმილიანო ალეგრის ლაციოსთან ბოლო ორი დაპირისპირება, იტალიის სუპერსთასსა და ჩემპიონატში წაგებული ჰქონდა. ამის მთავარი მიზეზი ტურინელთა მომავალი, ძალიან რთული მატჩი უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგაში, ტოტენჰემთან...

და ლაციო? ამ დაპირისპირებამდე მეტოქეებს იტალიის თასის ნახევარფინალში მოუხდათ ბრძოლა და თუკი იუვენტუსმა ეკონომ-რეჟიმში გაიარა ატალანტას (1:0) ბარიერი, ლაციოს 120-წუთიანი შეხვედრისა და პენალტების სერიის გადატანა, საბოლოოდ კი ტურნირთან დამშვიდობება მოუხდა.

გოლამდე თუ რამეზე სანახავი ითქმის, ეს სტუმართა მეკარე ჯიჯი ბუფონის სეივები იყო.

ვეტერანმა მეკარემ ლუის ალბერტოსა და ჩირო იმობილეს ხომ არ გაატანინა და იმდენი ქნა, სენად ლულიჩთან შეჯახებისას ხელიც იტკინა, მაგრამ მისთვის და ტურინელთა ქომაგებისთვის საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.  

ჯიჯიმ ლაციოსთან არც თავი დაზოგა და არც ხელი

იყო კიდევ ავტოგოლი ლაციოს კარში, რომელიც 33-ე წუთზე მსაჯმა მარიო მანჯუკიჩისგან წესების დარღვევის მიზეზით გააუქმა. 

და რაც შეეხება არგენტინელის შედევრს, დანიელე რუგოლოს პასის შემდეგ, პაულომ ჯერ ლუიშ ფელიპე რამოსს გაუტარა ბურთი ფეხებშორის, შემდეგ კი მარკო პაროლოსთან ჭიდილში, დაწოლილმა შეძლო კარში დარტყმა.


ალეგრის გუნდს ახლა წინ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ⅛-ფინალური მატჩი აქვს ჩასატარებელი - 7 მარტს, სტუმრად "უემბლიზე" ტოტენჰემთან, რომელთანაც შინ ფრედ 2:2 ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები