Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას დიდი აღიარება ესპანეთში
  • ბასკონიას ქართველი კაპიტანი ლიგა ენდესას საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ესპანური კალათბურთის ტრადიციულ, ყოველწლიურ შემაჯამებელ გალა-ღონისძიებაზე თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯილდო აიღო! ბასკონიას ქართველი კაპიტანი ლიგა ენდესას წლის გიგანტად დასახელდა, რაც ლიგის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულს ნიშნავს.

“Premios Gigantes” წელს 32-ედ გაიმართა - დაჯილდოების ცერემონია მადრიდში, ლიგა ენდესას სათაო ოფისში გაიმართა. შენგელიას პრიზი ლიგა ენდესას შეფმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა. აღსანიშნავია, რომ თორნიკეს კლუბმა, ბასკონიამ მამაკაცთა წლის გიგანტი გუნდის წოდება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ შენგელია ამ სეზონში ლიგა ენდესაში საშუალოდ 33 წუთში 16,1 ქულას, 6 მოხსნას, 2,6 პასს, 0,3 დაფარებას და 1,4 ჩაჭრას აგროვებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18,6 გახლავთ.

საღამოს ერთ-ერთი მთავარი გმირი ხოსე მანუელ კალდერონი გახლდათ, რომელიც წლის ლეგენდარულ გიგანტად დასახელდა. ესპანური კალათბურთის წლის მამაკაც გიგანტად 35 წლის მარკ გასოლი აღიარეს.

დაჯილდოებაზე ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული კობი ბრაიანტიც გაიხსენეს.

კომენტარები

ბოლო ამბები