Thumbnail
  • ევროპის პირველობას იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს
  • დღეს, ხალიჩაზე 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავიდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უმსუბუქესი და უმძიმესი წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ლევან არაბული (130 კგ.) ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ და საღამოს სესიაში ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.

ტურნირი დღეს იტალიის დედაქალაქ რომში დაიწყო და ხალიჩაზე 5 წონითი კატეგორიის (55, 63, 77, 87 და 130 კგ.) წარმომადგენლები გავიდნენ.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა წურწუმიამ საწყის რაუნდებში ორივე ორთაბრძოლა ვადაზე ადრე დაასრულა. ნუგზარმა როგორც ავსტრიელ სარგის გევორქიანს, ასევე მოლდოველ არტიუმ დელეანუს 8:0 სძლია.

ნახევარფინალში ქართველი ფალავნის მეტოქე რუსი ვიტალი კაბალოევი იქნება, რომელმაც გზიდან თურქი დოგუშ აიაზჩი (9:4) და რუმინელი ფლორინ ტიტა (3:1) ჩამოიცილა.

ლევან არაბული

დამაჯერებლად განვლო დილის სესია არაბულმაც, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ.

ლევანმა იტალიელ ელ მაჰდი როკაროსა და გერმანელ იელო კრამერს ერთნაირი ანგარიშით (9:0) აჯობა.

ფინალის საგზურისთვის კი ფინელ არვი მარტინ სავოლაინენს შეერკინება. ამ უკანასკნელმა პოლონელ ანჯეი კრაიევსკისა (4:1) და ჩეხ შტეფან დავიდს (4:0) აჯობა.

ევროპის პირველობაზე მედლის აღების შანსს ინარჩუნებენ ლევან ქავჟარაძე (63 კგ.) და თორნიკე ძამაშვილიც (87 კგ.), თუმცა, ისინი უკვე სხვა მოჭიდავეებზე არიან დამოკიდებულნი.

ქავჟარაძემ სომეხ სააკ ჰოვანისიანს 8:0 მოუგო, ნორვეგიელ შტიგ-ანდრე ბერგესთან 2:7 დამარცხდა და ახლა, სკანდინავიელს უნდა უქომაგოს. თუკი ნორვეგიელი ბელარუს მაკსიმ ნეჰოდას დაამარცხებს, ლევანი რეპეშაჟში გადაერთვება.

დასანანი ამბავი გადახდა ძამაშვილს, რომელიც მეოთხედფინალის დასრულებამდე 10 წამით ადრე რუს ალეკსანდრ კომაროვს 2:0-ს უგებდა, თუმცა, გდება გაუშვა და 2:6 დამარცხდა. მანამდე, თორნიკემ მსოფლიოსა (2017) და ევროპის (2018) ჩემპიონს, სომეხ მაკსიმ მანუკიანს 3:1 სძლია.

თუ კომაროვი უკრაინელ სემიონ ნოვიკოვს აჯობებს და ფინალში გავა, ქართველი ფალავანი სანუგეშო რაუნდში გადავა.

საინტერესოა, რომ 87 კგ-მდე წონით კატეგორიაში სერბეთის ნაკრების რიგებში პირველად სცადა ძალები საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა. ის მერვედფინალში ლიტველ ეივიდას სტანკევიჩიუსს გაეჯიბრა და 3:8 დამარცხდა.

ტურნირი ნაადრევად დაასრულა დემურ ქავთარაძემ (77 კგ.), რომელმაც კვალიფიკაციაში რუს ისლამ ოპიევთან 1:3 წააგო და რადგანაც მეოთხედფინალში ეს უკანასკნელიც დამარცხდა, ჩვენებური ევროპირველობას გამოეთიშა.

რომში მიმავალი შეჯიბრზე საღამოს სესია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია კი სილკ უნივერსალზე გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები