Thumbnail
  • ‘თავი იჩინა კლასის ნაკლებობამ, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ’
  • ლევან მაისაშვილმა კმაყოფილი მხოლოდ პირველი ტაიმით დარჩა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ესპანეთთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნებს” მეტოქის 30 ქულიანი სხვაობით დამარცხებაც შეეძლოთ, თუმცა, შეცდომებმა ამის საშუალება არ მოგვცა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა პირველი ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარეს, 3 ლელო დადეს და 23:5 დაწინაურდნენ. საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურთან გაკეთებულ კომენტარში მაისაშვილს არ დაუმალავს, რომ შესვენებამდე ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი დარჩა.

“მატჩი კარგად დავიწყეთ და მთელი პირველი ტაიმი ბურთს ვაკონტროლებდით. გვქონდა შეცდომებიც, რომლის შედეგად მეტოქისგან აგრესიული კონტრშეტევები მივიღეთ, თუმცა დაცვამ კარგად იმუშავა.

მოლში, რომლიდანაც ლელო მივიღეთ, ყურადღება მოვადუნეთ, მერე კი ამ კომპონენტშიც კარგად ვიმუშავეთ და მომდევნო მოლებში ესპანეთს წინააღმდეგობა გავუწიეთ.

მთლიანობაში, პირველ ტაიმში მრავლად გქონდა მომენტები, როდესაც ქულა უნდა აგვეღო და ის ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართა“.

ესპანეთი-საქართველო
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

მეორე ტაიმში “ბორჯღალოსნებმა” მონაგარს ვეღარაფერი შემატეს და დაცვაში დიდი დრო გაატარეს. ბოლო წუთზე ესპანეთმა მატჩის მე-2 ლელო მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 10:23.

“მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქის ნახევარზე ადვილად გადავედით და დასარტყმელი ჯარიმა მოვიპოვეთ. აქ მეტოქის დაუფასებლობა დაგვემართა, ვიჩქარეთ, ასაღები ქულა ვერ ავიღეთ და დაიწყო ჩვენი პრობლემები – დისციპლინა, ყვითელი ბარათი და აღმოვჩნდით წნეხში.

მთავარი პრობლემა იყო ის, რომ თამაში ვერ ვმართეთ და ესპანეთმა ის მიიღო, რაც თავად სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ხაზი რამდენჯერმე გაიჭრა, მთლიანობაში სიტუაციას ვაკონტროლებდით, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი მოცემულობა.

პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში მინიმუმ 20 ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ თავი იჩინა კლასის ნაკლებობამ, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.

ეს იყო ჭკუის სასწავლებელი მატჩი, რადგან ასეთ რამეს მაღალ დონეზე არ პატიობენ. ერთი წუთით არ იყო იმის საფრთხე, რომ სადავეები ხელიდან გაგვქცეოდა, მაგრამ მივიღეთ ის, რომ მეტოქეს მეტად ჰქონდა ბურთი და მთელი ძალით ცდილობდა ჩამორჩენის შემცირებას.

აი, ეს მოსდევს სიჩქარეს და სისტემიდან ამოვარდნას. შეგვეძლო მინიმუმ 30 ქულით მოგვეგო და რატომ ვერ შევძელით ეს, დეტალურ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ“.

'ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ტაბუცაძე ამოცანას თავს კარგად გაართმევდა'
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების მაისურით პირველად ითამაშა და დებიუტი ლელოთი აღნიშნა აკაკი ტაბუცაძემ. მთავარი მწვრთნელი მისი გარჯით კმაყოფილი დარჩა:

“ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ტაბუცაძე ამოცანას თავს კარგად გაართმევდა. რომ არა ტრავმა, მას რუმინეთთანაც ვათამაშებდი. აკაკიმ დიდ 10-ში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ფეთქებადი და სწრაფია შეტევაში, ხოლო დაცვაში სტაბილური.

ლელოს გატანა ნაწილობრივ გამართლებაა, თუმცა მას მინიმუმ 3-ჯერ ჰქონდა ამის შანსი და რამდენიმე ეპიზოდში პასი დაუგვიანეს. ტაბუცაძეს ლელოს გატანის ალღო აქვს და ჩვენ ასეთი სწრაფი მოთამაშეებით განებივრებულები არ ვართ“.

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 22 თებერვალს ქუთაისში აია არენაზე გამართავენ. ბელგიელებთან შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და ჩვენი გუნდი მას გადახალისებული შემადგენლობით შეხვდება:

“ბიჭები კლუბებს დაუბრუნდებიან და მიუხედავად იმისა, რომ ბელგიასთან მატჩი საერთაშორისო ფანჯარაში ჯდება, ტოპ 14-იდან რამდენიმე მორაგბეს არ გამოვიძახებთ.

ამ დღეს საფრანგეთში ტურის მატჩები იმართება და მორაგბეებს კლუბში დამკვიდრების საშუალებას მივცემთ. ამავდროულად, გამოვცდით რამდენიმე ახალ მოთამაშეს.

ბელგიამ რუსეთის ნაკრები დიდი სხვაობით დაამარცხა, რაც ჩემი აზრით, უფრო რუსების უხეირობის ბრალი იყო და არა იმის, რომ ბელგიამ განსაკუთრებულად მოუმატა.

მიუხედავად ამისა, მეტოქის დაუფასებლობა არ იქნება და მისთვის სრული სერიოზულობით მოვემზადებით“.

კომენტარები

ბოლო ამბები