Thumbnail
  • U23. არგენტინა 0:3 ბრაზილია
  • დუბლი მათეუს კუნიამ გაიფორმა, ერთი გოლი კი პაულინიომ შეაგდო
  • სამხრეთ ამერიკიდან საგზურები არგენტინამ და ბრაზილიამ მოიპოვეს

ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრებმა 2020 წლის ოლიმპიადის საგზური ბოლო მომენტში მოიპოვა. ტოკიოში გასამართი თამაშების საკვალიფიკაციო ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში, ბრაზილიელებმა არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონების შემადგენლობაში დუბლით მათეუს კუნია (30-ე და 55-ე წუთებზე) გამოირჩა, კიდევ ერთი გოლი კი პაულინიომ (13) შეაგდო.

📺 U23. არგენტინა 0:3 ბრაზილია (მიმოხილვა)

ბრაზილიელებმა საბოლოოდ ჯგუფში 5 ქულა დააგროვეს და ოლიმპიადაზე მეორე ადგილით გავიდნენ. პირველი ადგილი და საგზური არგენტინამ ვადამდე გაინაღდა (6), ურუგვაი (4) და კოლუმბია (1) კი საგზურის გარეშე დარჩნენ.  

არგენტინისა და ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრებების გარდა, ტოკიოს ოლიმპიადის ვაჟთა საფეხბურთო ტურნირში თამაშის უფლება ასევე მოპოვებული აქვთ: იაპონიას (მასპინძელი), საფრანგეთს, გერმანიას, ესპანეთს, რუმინეთს (ყველა ევროპიდან), ახალ ზელანდიას (ოკეანია), ეგვიპტეს, კოტ-დ’ივუარს, სამხრეთ აფრიკას (ყველა აფრიკიდან), საუდის არაბეთს, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიას (ყველა აზიიდან). კიდევ 2 საგზური კონკაკაფის საკვალიფიკაციო ტურნირში, მარტში გათამაშდება.

ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია. 2016 წლის თამაშებში ბრაზილიელებმა ფინალში გერმანიას პენალტების სერიაში მოუგეს.

2020 წლის ზაფხულის ოლიმპოურ თამაშებში საფეხბურთო ტურნირს იაპონიის 6 ქალაქი უმასპინძლებს. ასპარეზობა 22 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პირველი მატჩები კი ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები