Thumbnail

ჭადრაკი | საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატი ლუკა პაიჭაძემ მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა 79-ე პირველობა გაიმართა
  • სამი საუკეთესო მოჭადრაკე ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს ჭადრაკის 79-ე პირველობა გაიმართა ვაჟთა შორის. ჩემპიონატი ლუკა პაიჭაძის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში 1,5:0,5 დაამარცხა თორნიკე სანიკიძე. ლუკამ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. პირველად, საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე 2017 წელს გახდა.

მეორე ადგილი ფინალში წაგებულმა თორნიკე სანიკიძემ დაიკავა, მესამე ადგილისათვის ბრძოლაში კი კონსტანტინე შანავამ ლევან ფანცულაია დაამარცხა. ჩემპიონატში 16 მოჭადრაკე მონაწილეობდა და ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართა. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 29 500 ლარს შეადგენდა. საუკეთესო სამი მოჭადრაკე ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 17-30 მაისს სლოვენიაში გაიმართება.

ლუკა პაიჭაძე (საქართველოს ჩემპიონი): "ტურნირი პირველივე პარტიიდან ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. თამაშის ხარისხს ვაუმჯობესებდი და ვფიქრობ, ფინალში უკვე ოპტიმალურ ფორმაში ვიყავი. ერთი კვირა დავისვენებ და შემდეგ, შევუდგები ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას, რომელიც 17 მაისს გაიმართება".

გიორგი გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): "ჩემპიონატში 16 მოჭადრაკე მონაწილეობდა და აქედან 12 იყო საერთაშორისო დიდოსტატის წოდების მატარებელი. ბევრს უკვე ჰქონდა მოპოვებული საქართველო ჩემპიონის ტირული, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა კონკურენციას. ლუკა პაიჭაძე ყველაზე უფრო მობილიზებული იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩემპიონატის სამი საუკეთესო მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ და ვფიქრობ, ისინი ღირსეულად წარადგენენ ქვეყანას ამ ტურნირზე".

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი): "ევროპაბეთი მხარს უჭერს ჭადრაკის განვითარებას საქართველოში. საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა უკვე გაზრდილი, თითქმის გაორმაგებული საპრიზო ფონდით, რაც ვფიქრობ, დადებითად აისახება ქართულ ჭადრაკზე". 

კომენტარები

ბოლო ამბები