Thumbnail
  • ვერონასთან მარცხი იუვესთვის ბოლო 3 თამაშში მეორე წაგებაა
  • მაურიციო სარიმ ფსიქოლოგიურ პრობლემაზე ისაუბრა

ვერონა კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ მაინც არავინ ელოდა, რომ იუვენტუსის დამარცხებას შეძლებდა. ტურინული გრანდი ივან იურიჩის გუნდს კრიშტიანო რონალდოს გოლით უგებდა, მაგრამ ბოლო 15 წუთში ვერონელებმა ბორინისა და პაცინის (პენალტით) გოლებით თამაში შეატრიალეს. იუვესთვის ეს სეზონში მესამე და ბოლო 3 თამაშში უკვე მეორე მარცხია, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის განგაშის ზარებისთვის შემოეკრა.

“ჩვენ მართლაც პრობლემა გვაქვს, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ, - განაცხადა სარიმ მატჩის შემდეგ DAZN-თან, - ქულებს უკვე ძალიან ბავშვურად ვკარგავთ. დიახ, ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ ცხადია, რომ ბოლო დროს სტუმრად ცუდად ვთამაშობთ. ვერონამ ეს თამაში აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო. ჩვენ მთელი თამაში ვუტევდით, მაგრამ შეცდომები დავუშვით.”

სარის მიაჩნია, რომ იუვენტუსის პრობლემა ფსიქოლოგიურია: “ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიაა. დროა, შევიგნოთ, რომ გამარჯვებები გარანტირებული არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა თამაშში უფრო მეტი მონდომებით უნდა ვიშრომოთ. ბოლო წლებში იუვე იტალიის ჩემპიონატს კომფორტული უპირატესობით, ადვილად იგებდა და ეს ფაქტორიც მოქმედებს. უნდა გვესმოდეს, რომ ქულების ასე დაკარგვა არ შეიძლება.”

PREVIEW | მილანური დერბი: მილანს 4 წელიწადია არ მოუგია

“ეს არ არის ის შედეგი, რაც გვსურდა, მაგრამ მიზნების მისაღწევად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ,” - ეს კრიშტიანო რონალდოს სიტყვებია, რომელმაც იუვენტუსში დავიდ ტრეზეგეს რეკორდი დაამხო - გაიტანა რა გოლი ზედიზედ მე-10 მატჩში.

იუვენტუსი მომდევნო ტურში, 16 თებერვალს, ბრეშას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები