Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში სტუმრად ესპანეთს 23:10 სძლია და მორიგი ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეტევაზეა მიხეილ ნარიაშვილი
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

მადრიდში გამართული მატჩი საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, რასაც ლოგიკური დასასრული უკვე მე-4 წუთზე მოჰყვა. დერეფნიდან კარგი მოლი ავაგორეთ, რომელსაც კვაჭი შალვა მამუკაშვილი მოწყდა და ბურთი ლელოში გადადო. სამწუხაროდ, თედო აბჟანდაძის გარდასახვა მიზანს მცირედით ასცდა - 5:0.

შალვა მამუკაშვილის ლელო ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ

შალვა მამუკაშვილის ლელო ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 09 თებერვალი, 2020

მასპინძელთა პასუხმა არ დაახანა და მათი ლელოც აუტის შემდეგ დაყენებულ მოლს მოჰყვა. სამწუხაროდ, ქართველი მორაგბეები ესპანელთა მიძალებას სათანადოდ ვერ დაუდგნენ და "ლომების" ჰუკერმა მარკო პინტომ ანგარიში გაათანაბრა - 5:5.

ესპანეთის ნაკრების ლელო ბორჯღალოსანთა ჩათვლის მოედანში

ესპანეთის ნაკრების ლელო ბორჯღალოსანთა ჩათვლის მოედანში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 09 თებერვალი, 2020

მალევე ლელოს დადებას ახლოს იყო "ბორჯღალოსანთა" დებიუტანტი აკაკი ტაბუცაძე. ლელო-სარასენსის გარემარბი ვასილ ლობჟანიძის მიერ გადაკიდებულ ბურთს შეჰყვა და მხოლოდ ოვალის დამორჩილება მართებდა, რათა შეტევა 5 ქულით დაესრულებინა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

ესპანელებმა ბურთის აუტში მოგერიება კი მოახერხეს, თუმცა, ქართველთა მორიგი იერიში მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს და თედო აბჟანდაძემ იოლი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა - 5:8.

თედო აბჟანდაძის ჯარიმა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ - 5:8

თედო აბჟანდაძის ჯარიმა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ - 5:8

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 09 თებერვალი, 2020

თამაშის მე-20 წუთისთვის "ბორჯღალოსნების" უპირატესობა უკვე 10-ქულიანი გახდა. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, თედო აბჟანდაძემ ბურთი ოსტატურად გადაკიდა, ტაბუცაძემ კი ამჯერად უშეცდომოდ ითამაშა, ლელოში გაინავარდა და ჩვენი მგეზავის ზუსტი გარდასახვის შემდეგ ანგარიში 5:15 გახდა.

აბჟანდაძის სუპერპასი და ტაბუცაძის სადებიუტო ლელო ნაკრებში

აბჟანდაძის სუპერპასი და ტაბუცაძის სადებიუტო ლელო ნაკრებში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 09 თებერვალი, 2020

მალევე ესპანელები კარის წინ კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ და თედო კვლავ ზუსტი იყო - 5:18.

თამაში ქართველ მორაგბეთა უპირატესობით გაგრძელდა, რამაც შედეგი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიღო. კომბინაცია, რომელსაც ჩვენების მე-3 ლელო მოჰყვა, აშკარად დამუშავებული იყო. დერეფნიდან ბურთი ნოდარ ჭეიშვილმა მოხსნა, ის ბექა გორგაძეს დაუგდო, მან კი იერიში მამუკაშვილს გააგრძელებინა და ჩვენმა კვაჭმა დუბლის შესრულება მოახერხა - 5:23.

შალვა მამუკაშვილის ლელო ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ

შალვა მამუკაშვილის ლელო ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 09 თებერვალი, 2020

მე-2 ნახევარი საქართველოს ნაკრებისთვის გაცილებით რთული გამოდგა. ბურთი მეტწილად ესპანელებს ჰქონდათ, რომლებიც რამდენიმე ეპიზოდში ლელოსთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა, მიზანს მხოლოდ ბოლო წუთზე მიაღწიეს, როდესაც მასპინძელთა ბურჯმა ვისენტე დელ ჰოიომ ლელო დადო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 10:23.

საინტერესოა, რომ "ბორჯღალოსნებისა" და "ლეონესის" ბოლო შეხვედრებში ლამის იდენტური შედეგი ფიქსირდება. 2017 წელს ესპანელებს 20:10 მოვუგეთ, 2018-ში - 23:10. 2019-ში - 24:10.

ამგვარად, საქართველოსა და ესპანეთის სარაგბო ნაკრებთა ურთიერთშეხვედრებში “ბორჯღალოსანთა” უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

21 მატჩში ქართველების აქტივში 17 მოგებაა, 3-ჯერ ესპანელებს უმარჯვიათ, 1 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. “ბორჯღალოსნები” “ლომებს” ლელოებში 87:33 ჯობნიან, ბურთებში კი – 637:300.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 2 ტურის თავზე 9 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 22 თებერვალს, ქუთაისის აია არენაზე ბელგიასთან ჩაატარებს.

ესპანეთი 10:23 საქართველო

საქართველო: ნარიაშვილი, მამუკაშვილი, ჩილაჩავა, სუთიაშვილი, ჭეიშვილი, გაჩეჩილაძე, ცუცქირიძე, გორგაძე, ლობჟანიძე, აბჟანდაძე, ტაბუცაძე, მჭედლიძე, კაჭარავა, თოდუა, მათიაშვილი.

შემცვლელები: ჭყოიძე, გოგიჩაშვილი, გიგაშვილი, გიგაური, თხილაიშვილი, აფრასიძე, მალაღურაძე, ხმალაძე.

3 ლელო: მამუკაშვილი (2), ტაბუცაძე.

გარდასახვა: აბჟანდაძე.

2 ჯარიმა: აბჟანდაძე.

სინბინი: გაჩეჩილაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები