Thumbnail

ძაგნიძე პირველ ადგილზეა – წარმატებული სტარტი უძლიერეს ტურნირზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძემ ორ ტურში 1.5 ქულა მოაგროვა
  • ტურნირის ჩემპიონი 45 ათასს ევროს მიიღებს

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2515) წარმატებული სტარტი აიღო აშშ-ს ქალაქ სენტ ლუისში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში, სადაც მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები არიან ჩართულნი.

Cairns Cup 2020-ს 2 ტურის თავზე ძაგნიძეს 1.5 ქულა აქვს და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით პირველ ადგილზეა, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა.

ნანამ სასტარტო ტურში თეთრი ფიგურებით რუსი ვალენტინა გუნინა (2461) დაამარცხა, მეორეში კი შავებით ინდოელ ჰარიკა დრონავალის (2518) დაუზავდა.

საქართველოს ნაკრების ლიდერის მსგავსად, 1.5 ქულა გააჩნიათ კატერინა ლაჰნოს (უკრაინა, 2552), მარია მუზიჩუკსა (უკრაინა, 2552) და ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი, 2504).

მე-3 ტურში ძაგნიძეს კიდევ ერთი პარტიის მოგების კარგი შანსი აქვს, რადგანაც ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ამერიკელ მოჭადრაკე კარისა იიპს (2412) თეთრებით ეთამაშება.

Cairns Cup 2020 7-16 თებერვალს წრიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 180 000 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 45 ათასს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 35 ათასს, ხოლო მესამეზე გასული – 25 ათასს.

სენტ ლუისის ტურნირის მონაწილეები

 

კომენტარები

ბოლო ამბები