Thumbnail

პირველი ლელო მესხზე მივიღეთ - საქართველომ ესპანეთს რთულად, მაგრამ მაინც მოუგო

  • საქართველო 23:10 ესპანეთი.
  • მიმდინარე ჩემპიონატში ბორჯღალოსნებთან ქულების აღება პირველმა ესპანეთმა შეძლო. 

3 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ესპანეთს უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა მეტოქე ანგარიშით 23:10 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან სამი დერეფანი წააგო

თამაშის დაწყებამდე გუნდებმა პატივი მიაგეს ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას, პირველი ტაიმი კი ბორჯღალოსნებმა, უპირატესობის მიუხედავად, ანგარიშით 9:3 მოიგეს. სამი საჯარიმო დარტყმა მე-5, 25-ე და 36-ე წუთებზე ზუსტად სოსო მათიაშვილმა შეასრულა. საჯარიმო ორჯერ დაარტყეს ესპანელებმა, თუმცა მეთიუ პელუშონმა მხოლოდ მეორე ცდიდან მოახერხა გატანა. 

ესპანეთთან 79-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა ბორჯღალოსნების კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ.

შესვენების შემდეგ მათიაშვილმა ჯარიმა ვერ გაიტანა, შემდეგ კი ბორჯღალოსნების იერიში მატჩის პირველი ლელოთი დასრულდა. 52-ე წუთზე, ესპანელთა ჩათვლის მოედანთან დანიშნული შერკინების შემდეგ, მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა.

ვასილ ლობჟანიძე შეტევაში

დარჩენილ დროში უპირატესობას ბორჯღალოსნები ფლობდნენ, თუმცა ქულების მოპოვებას ვერ ახერხებდნენ. შეხვედრის მიწურულს ესპანელები გააქტიურდნენ, მათი მრავალფაზიანი შეტევა კი დავით კაჭარავას გასინბინებითა და სტუმართა კი ლელოთ დასრულდა.

საბოლოო ანგარიში მატჩის ბოლო წამებზე დაფიქსირდა - ნაკრებში პირველი ლელო ახალგაზრდა გიორგი მელიქიძემ გაიტანა, მათიაშვილმა კი გარდასახა.

გიორგი მელიქიძე: უპირველეს ყოვლისა, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო პირველი ლელო ნაკრების კვართით. რაც შეეხება ესპანეთეს, ძალიან კარგად ითამაშეს - აგრესიული რაგბი შემოგვთავაზეს. მსურს, რომ ეს პირველი ლელო წარმატებების მიღწევაში დამეხმაროს. მინდა, რომ რაგბის კავშირი და ქართველი ხალხი ჩემით ამაყობდეს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელებმა რაგბი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე პირველად წააგეს. თბილისურ მატჩამდე მათ რუსეთისა და რუმინეთის ნაკრებების დამარცხება მოახერხეს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ესპანელთა მთავარი მწვრთნელი - სანტიაგო სანტოსი: ჩვენთვის ბევრი რამ შეიცვალა. ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძვით. ამბობთ, რომ ჩვენი უცხოელი მოთამაშეები გვყავს დამატებული - ვფიქრობ, ეს კარგია. ახალმა თაობამ ხარისხიან რაგბის უნდა უყუროს. ჩვენი ქვეყანა სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებას აღწევს. დროა, რაგბიშიც გვქონდეს კარგი შედეგი.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი - მილტონ ჰეიგი: ესპანეთმა დაგვანახა, რომ კარგად თამაში შეუძლია. მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ბევრი რამ შეგვეძლო უკეთ გაგვეკეთებინა. მომენტების დასრულება გაგვიჭირდა, თორემ ბევრი მომენტი გვქონდა. ესპანელებს შეუძლიათ მსოფლიო თასზე გასვლა. რაც შეეხება მომდევნო მატჩებს, ორივე შეხვედრის მოგებას ვეცდებით.

ბორჯღალოსანთა კაპიტანი გიორგი ნემსაძე: გილოცავთ ამ გამარჯვებას. პირველ ნახევარში ბურთი აუტში არ გადაგვქონდა. ჩემი მიზანი იყო, რომ ერთი ლელოს უპირატესობა მოგვეპოვებინა. ესპანეთი კარგი გუნდია, ისე მარტივად ვეღარ ვუგებთ, როგორც ადრე. მომდევნო მატჩებისთვის კიდევ უფრო მეტი შემართებით მოვემზადებით და ორივე შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯებით.

პრესკონფერენციის შემდეგ, ბორჯღალოსანთა მხრიდან მატჩი ანზორ სიჭინავამ და სანდრო თოდუამ შეაფასეს.

ანზორ სიჭინავა: ესპანეთმა დიდი ბრძოლა გაგვიმართა. რუსეთთან მატჩისთვის მოვემზადებით. დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო. ესპანელები ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი. თამაში რომ გაგვეშალა, უფრო მეტ ლელოსაც დავდებდით.

სანდრო თოდუა: სტუმრებმა არაფერი დაგვითმეს. 80 წუთი მედგრად გვებრძოდნენ. მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. განივიხლავთ შეცდომებს და მომავალი შეხვედრებისთვის უკეთ მოვემზადებით.

 

ბორჯღალოსნები სამ მატჩში სამი მოგებით ცხრილის სათავეში რჩებიან. 

რუმინეთი-რუსეთი 25:15

ბელგია-გერმანია 69:15

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას 10 მარტს, სტუმრად რუსეთთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები