Thumbnail

ჰოლანდიაში რუსთან - როტერდამის ტურნირზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 10-16 თებერვალს როტერდამის ტურნირი გაიმართება
  • I წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ანდრეი რუბლიოვს შეხვდება

10-16 თებერვალს როტერდამში (ჰოლანდია) ATP-ის ტურის მორიგი ტურნირი ABN AMRO WORLD TENNIS გაიმართება, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი (27) იასპარეზებს. 

როტერდამში წილისყრა გაიმართა და, შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ჩოგბურთელს ნაკლებად გაუმართლდა - პირველივე წრეში მე-7 ნომრად განთესილი რუსი ანდრეი რუბლიოვი დაუპირისპირდება. 

ეს მათი მე-4 ურთიერთდაპირისპირება იქნება. 27 წლის ქართველი 22 წლის რუსს 2:1-ს უგებს. სამივე მატჩი 2019 წელს შედგა: ცინცინატიში რუბლიოვმა 6:7, 6:4, 6:2 მოიგო. ჰამბურგის ტურნირის ფინალში ნიკამ მეტოქე 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა და ეს ტიტული შეინარჩუნა, ხოლო დოჰაში 1/8 ფინალში ბასილაშვილმა ორ სეტში მოუგო რუბლიოვს - 6:3, 6:4. 

მეორე წრეში გასვლის შემთხვევაშ ნიკა სვარაუდოდ, ყაზახ ალექსანდრ ბუბლიკს შეხვდება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ტურნირის პირველ ჩოგან რუსს დანილ მედვედევს შეხვდეს. 

ABN AMRO WORLD TENNIS TOURNAMENT-ის საპრიზო ფონდი 2 098 480 ევროა. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰოლანდიურ შეჯიბრში მონაწილეობა შარშანაც მიიღო და მაშინ მე-9 ნომრად იყო განთესილი. ნიკოლოზმა სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩუნგს 4:6, 7:6 (7:1), 6:2 მოუგო, მერვედფინალში კი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ვერ გაუმკლავდა – 6:7 (1:7), 1:6. 

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილს 1 440 ქულა აქვს და 27-ე ადგილზეა, მისი პიკი კი გასული წლის მაისში იყო, როდესაც მე-16 პოზიციას უწია.

კომენტარები

ბოლო ამბები