Thumbnail
  • L'Equipe-მა ფეხბურთელების და მწვრთნელების ხელფასები გამოაქვეყნა
  • პირველ ადგილზე ლიონელ მესი და დიეგო სიმეონე არიან

ლიონელ მესი კვლავ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამის შესახებ ფრანგული L'Equipe წერს, რომელმაც ხელფასების მხრივ მწვრთნელების რეიტინგიც გამოაქვეყნა.

ფრანგების ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, მესის ყოველთვიური ხელფასი ბარსელონაში 8,3 მილიონი ევროა (გადასახადების ჩათვლით). ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების რეიტინგში მეორე ადგილზე კრიშტიანო რონალდოა, რომელიც იუვენტუსში თვეში 4,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მესამე ადგილზეა ნეიმარი, რომლის ხელფასი პარი სენ-ჟერმენში თვეში 3 მილიონია. ხუთეულში ასევე არიან ბარსელონას ფორვარდები ლუის სუარესი და ანტუან გრიზმანი - მათი ხელფასი თვეში 3 მილიონზე ოდნავ ნაკლებია.

L'Equipe-ის ინფორმაციით, ინგლისში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე დავიდ დე ხეაა (1,76 მილიონი ევრო თვეში), გერმანიაში კი - ბაიერნის ფეხბურთელები, რობერტ ლევანდოვსკი და ფილიპე კოუტინიო (თვეში ორივეს 1,66 მილიონი აქვს).

მწვრთნელებში პირველი სიმეონეა

მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი მადრიდის ატლეტიკოს დამრიგებელ დიეგო სიმეონეს აქვს - L'Equipe-ის ინფორმაციით, არგენტინელი თვეში 3,6 მილიონს გამოიმუშავებს (გადასახადების ჩათვლით).

'ჩოლო' ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია

მეორე ადგილზეა ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, 1,94 მილიონი), მესამე და მეოთხე ადგილებს კი იურგენ კლოპი (ლივერპული) და ჟოზე მოურინიო (ტოტენჰემი) იყოფენ - მათ თვეში 1,46 მილიონი ევრო აქვთ. მერე მოდიან ზინედინ ზიდანი (რეალი) და ანტონიო კონტე (ინტერი) - ზიზუს ხელფასი თვეში 1,4 მილიონია, ხოლო იტალიელის - 1,38 მილიონი.

საინტერესოა, რომ ბარსელონას ახალი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ხელფასი თვეში 0,5 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები