Thumbnail
  • პრესტიჟული ტურნირი საფრანგეთში 8-9 თებერვალს ჩატარდება
  • პარიზულ ტატამზე საქართველოს 17 წარმომადგენელს ვიხილავთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა, რომელთაც 8-9 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაგეგმილ გრანდ სლემზე ასპარეზობა ელით, მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ვაჟთა გუნდი 12 სპორტსმენით იქნება წარდგენილი, ქალთა ნაკრებში კი 5 ძიუდოისტია.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა წიფიანი პირველ წრეში ინდოელ იასლეენ სინგჰ საინის დაუპირისპირდება, თორნიკე ნაგლიაშვილი კი შეჯიბრში მე-2 რაუნდიდან ჩაერთვება, სადაც მისი მოწინააღმდეგე ჰაიტელი ჟერარ კადე იქნება.

თორნიკე ნაგლიაშვილი

73 კგ-ში წილისყრამ თორნიკე გვიჭიანიცა და ალეკო მამიაშვილიც მე-2 წრეში მოახვედრა. გვიჭიანს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგანაც გაჯიბრება მსოფლიოს სამგზის ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორ მასაში ებინუმასთან (იაპონია) მოუწევს, მამიაშვილს კი მაროკოელი აჰმედ ელ მეზიატის სახით, გაცილებით იოლი მეტოქე ჰყავს.

თავიდანვე რთული ორთაბრძოლები ელით გიორგი კაციაშვილსა და ვლადიმერ ახალკაცს, რომლებიც საქართველოს ღირსებას 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში დაიცავენ.

კაციაშვილი მე-2 წრეში სამხრეთკორეელ მუნ ჯინ ლის გაეჯიბრება, ახალკაცი კი – ფრანგ იბრაჰიმ კეიტას.

90 კგ-ში გიორგი პაპუნაშვილი საწყის რაუნდში ძალებს გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ სანშირო მურაოსთან (იაპონია) მოსინჯავს, გამოცდილი ავთანდილ ჭრიკიშვილი კი გაბონელ პოლ კიბიკაისთან აშკარა ფავორიტია.

ავთანდილ ჭრიკიშვილი

საინტერესო ორთაბრძოლები გველის 100 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც, სადაც ვარლამ ლიპარტელიანი მე-2 რაუნდშია დაშვებული და ინდოელ ავტარ სინგჰსა და სამხრეთკორეელ ჯაე იუნ კიმს შორის უმჯობესს დაელოდება, ონისე სანებლიძე კი პირველ წრეში პაკისტანელ ჰუსაინ შაჰს შეერკინება.

2 წარმომადგენელი გვყავს მძიმე წონაშიც (+100 კგ.). გელა ზაალიშვილი სასტარტო რაუნდში ძალებს აზერბაიჯანელ შაჰინ გაჰრამანოვთან მოსინჯავს, ლევან მატიაშვილი კი მე-2 რაუნდშია დაშვებული და უზბეკ ალიშერ იუსუპოვს გაეჯიბრება.

ქალთა 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველ ძიუდოისტებს მეტოქეებად მონღოლი სპორტსმენები ერგოთ. პირველ წრეში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი ხორლოოდოი ბიშრელტს შეხვდება, მარიამ ჯანაშვილი კი – სოსორბარამ ლხაგვასურენს.

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ფრანგ ვერონიკ მანდენგს დაუპირისპირდება, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) – უზბეკ გულნოზა მატნიაზოვას, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) – ალჟირელ სონია ასელაჰს.

პარიზის გრანდ სლემში 117 ქვეყნის წარმომადგენელი 688 ძიუდოისტი (411 კაცი+277 ქალი) ჩაებმება.

8 თებერვალს მედლები 60, 66, 73 (კაცები) და 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 9-ში კი – 81, 90, 100, +100 (კაცები) და 70, 78 და +78 კგ-ებში.

ფინალური ბლოკი ორივე დღეს 20:00 საათიდან არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ტურნირზე საქართველოს 11 ძიუდოისტი (მხოლოდ ვაჟები) ჰყავდა, რომელთა აქტივშიც 4 მედალი იყო.

ტურნირის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) გახდა, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძე (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი კი (73 კგ.) ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები