Thumbnail

საჩემპიონო პრემიები ლივერპულში - უკმაყოფილო ალბათ არავინ დარჩება

  • იურგენ კლოპის გუნდს ინგლისის ჩემპიონობამდე 6 გამარჯვება აშორებს
  • მერსისაიდულ კლუბში ჩემპიონობისთვის ბონუსები უკვე განსაზღვრულია
  • სოლიდურ თანხას ფეხბურთელებიც მიიღებენ და მთავარი მწვრთნელიც

იმისათვის, რათა ინგლისის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში ჩემპიონობა იზეიმოს, ლივერპულს ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში სულ 6 გამარჯვების მოპოვება სჭირდება. იურგენ კლოპის გუნდი სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად, 73 ქულით ლიდერობს - უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის უკვე 22 ქულით უსწრებს და ძალიან საეჭვოა, ამხელა უპირატესობა ვერ შეინარჩუნოს.

მერსისაიდელები ჩემპიონობაზე ხმამაღლა საუბარს ჯერ კიდევ ერიდებიან, თუმცა როგორც ირკვევა, კლუბში უკვე იჭერენ თადარიგს. ბრიტანული მედია იუწყება, რომ ლივერპულის ხელმძღვანელობამ ფეხბუთელებისთვის უკვე განსაზღვრა ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ბონუსები.

ენფილდზე საჩემპიონო ზეიმს სამი ათეული წელიწადია ელოდებიან

როგორც ირკვევა, კლუბი ფეხბურთელების პრემიებისთვის 4 მილიონ ფუნტზე მეტს გამოყოფს, მოთამაშეები კი თანხას ჩატარებული მატჩების პროპორციულად მიიღებენ. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშის ბონუსი მიახლოებით 150 ათასი ფუნტი იქნება. 

ჩემპიონობის შემთხვევაში, დამატებითი შემოსავლის გარეშე არც გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დარჩება. გერმანელი სპეციალისტის ახალ კონტრაქტში, რომელიც 2024 წლამდეა გათვალისწინებული, შესაბამისი პუნქტიც არსებობს.

ლივერპული ინგლისის 18-გზის ჩემპიონია, ბოლოს კი მერსისაიდელებმა ამ წარმატებას 30 წლის წინ - 1989/90 წლების სეზონში მიაღწიეს. ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე 13 ტური რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები