Thumbnail
  • ევროლიგამ ქართველის კალათბურთელის შეტევა გამოარჩია
  • ბასკონია პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს

ევროლიგამ დღის მომენტად აღიარა ეპიზოდი თორნიკე შენგელიას მონაწილეობით, რომელიც ესპანური ბასკონიასა და ფრანგული ვილერბანის შეხვედრაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული თამაში ვიტორიელებმა 79:65 მოიგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 28:18 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ევროლიგამ აღნიშნული მატჩის მე-3 მეოთხედის შუაწელს განხორციელებული შეტევა გამოარჩია: შენგელიამ ბურთი თავის ფარქვეშ მიიღო, მოედანი გადაკვეთა, ბურთი სემაი კრისტონთან გაითამაშა და ეფექტური სლემი შეასრულა.

ამ ეპიზოდში ბასკონიელები 9 ქულით დაწინაურდნენ და დარჩენილ დროში მეტოქისთვის წამოწევის საშუალება აღარ მიუციათ, თამაშის შემდეგ კი, ქართველმა მძიმე ფორვარდმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

“არაერთი დასანანი მარცხი განვიცადეთ, თუმცა, ახლა, მატჩების უმეტესობა შინ გვიწევს და ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ.

საჭიროა ჩვენზე დაკისრებული საქმე კარგად შევასრულოთ. დღეს, ეს, კარგად გამოგვივიდა და ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ქომაგებს მადლობას ვუხდი.

როდესაც ასეთი ერთიანობა იგრძნობა, იმედიც უფრო ღვივდება. ჩვენ ჯერაც საქმეში ვართ და დანებებას არ ვაპირებთ. გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

ფრანგებს ქართველი კალათბურთელის შეჩერება ძალიან უჭირდათ

მიმდინარე სეზონში თორნიკეს ევროლიგაში 24 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 30:29 წუთი, 15.8 ქულა, 5.7 მოხსნა, 2.7 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 18.3.

ბასკონიამ მე-9 გამარჯვება იზეიმა და ჯერაც აქვს იმედი, რომ რეგულარული სეზონის შედეგებით, საპლეიოფო ზონაში მოხვდება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო 8 გუნდი აგრძელებს, რასთანაც ბასკონიელებს 2 მოგება აშორებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები