Thumbnail
  • იეს ტორუპი მეხელენთან მატჩში 20 წლის ქართველის თამაშით კმაყოფილი დარჩა
  • გენტის თავკაცის თქმით, ჩაკვეტაძე ახლოსაა იმ დონესთან, რომელსაც მისგან ელის  

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის 20 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანს გასული წლის მიწურულს დაუბრუნდა, ძველ ფორმას იბრუნებს. გენტის მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო მატჩში "ძველი გიორგი ჩაკვეტაძე" იხილა.

ჯერჯერობით ტორუპი გიორგის სასტარტო შემადგენლობაში არ აყენებს

ბელგიის ჟუპილერ ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში გენტმა სტუმრად მეხელენს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე ბოლო 15 წუთით, გიორგი ქვილითაის ნაცვლად შევიდა, რომელიც მანამდე საგოლე პასით გამოირჩა. თავად ახალგაზრდა ფეხბურთელმა სტუმართა ბოლო გოლში შეიტანა წვლილი.

📺 მეხელენი 0:3 გენტი

"მეხელენში კვლავაც ვიხილე ძველი გიორგი - თავისი დრიბლინგით, სისწრაფითა და ბურთის ფლობით. ის კარგი იყო ბურთის ართმევისა და პრესინგის დროსაც. ის ახლოსაა იმ დონესთან, რომელსაც მისგან მოველით", - თქვა ტორუპმა.

გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედანს გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა, მიმდინარე სეზონში გენტის მაისურით სულ 5 შეხვედრაში (4 ჟუპილერ ლიგაში, 1 ევროპალიგაში) ითამაშა და ყველა სათადარიგოთა სკამიდან. 

ბელგიის ჩემპიონატში გასული 24 ტურის შემდეგ, გენტს 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გუნდი მომდევნო ტურში ანდერლეხტს უმასპინძლებს. მატჩი 7 თებერვალს გაიმართება.   

კომენტარები

ბოლო ამბები