Thumbnail

შეკრება, თამაშები, ახალწვეულები - დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება
  • განსაკუთრებულ ინტერესს ახალი ფეხბურთელები იწვევენ
  • მთავარი მწვრთნელის და ფეხბურთელების კომენტარები

დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება. გია გეგუჩაძის გუნდმა უკვე დაასრულა პირველი შეკრება თურქეთში, სადაც 3 ამხანაგური მატჩი გამართა. დინამომ კრაკოვის ვისლასთან 1:1 ითამაშა, სერბული რადნიჩკი 3:1 დაამარცხა და ბოლოს, პლოვდივის ლოკომოტივს 2:0 მოუგო. გუნდი მზადებას თბილისში აგრძელებს, შაბათს, 8 თებერვალს კი მორიგი ამხანაგური მატჩია ვიტ ჯორჯიასთან, რასაც დასკვნითი შეკრება მოყვება - ისევ თურქეთში.

📺 ვიდეო: დინამო ბათუმის მზადება, გია გეგუჩაძის და ფეხბურთელების კომენტარები

გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს ახალი ფეხბურთელები იწვევენ. მათე ცინცაძე და ვაგნერ გონსალვეში კარგ ფორმაში არიან და აქედანვე ჩანს, რომ გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ. იგივე შეიძლება ითქვას მეკარე იჰორ ლევჩენკოზე.

დინამოს სამწვრთნელო შტაბი დიდ პოტენციალს ხედავს ჟულიო ვინისიუსში, თუმცა 17 წლის ბრაზილიელს გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოვიაზროთ. ჯერჯერობით, ინდივიდუალურად ვარჯიშობს ნიგერიელი გოდფრი ობოაბონა, რომელმაც თურქულ შეკრებაზე მსუბუქი ტრავმა მიიღო.

თბილისში დინამოს კიდევ ერთი ბრაზილიელი, რეინალდო შეუერთდა, რომელსაც ჯერ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. მასთან არც ხელშეკრულებაა გაფორმებული, თუმცა თუ მის კარიერას და კლასს გავითვალისწინებთ, ეს მხოლოდ დროის ამბავია.

ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა პოპსპორტისთვის კომენტარები გააკეთეს.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი): “პირველ თურქულ შეკრებას დადებითად ვაფასებ. ამხანაგურ შეხვედრებში შედეგიც კარგი იყო და რაც მთავარია, თამაშის ხარისხიც. წინ მეორე შეკრებაა, სადაც კიდევ გვექნება ამხანაგური მატჩები, დავაკვირდებით ფეხბურთელებს და უფრო მეტ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას. ახალი ფეხბურთელებისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს ადაპტაციის პროცესი. იმედია, გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდება და ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

'ობოაბონასთვის მნიშვნელოვანია, რომ მალე დაუბრუნდეს ოპტიმლურ კონდიციას. რეინალდოზე დიდ იმედებს ვამყარებ' - გია გეგუჩაძე

ვინისიუსი ჯერ არ არის ფიზიკურად ბოლომდე მზად, თუმცა იმედია რომ სულ მალე შეეჩვევა გუნდს და მაღალ დონეზე ათამაშდება. რაც შეეხება ობოაბონას: გამოცდილი ფეხბურთელია, რომელსაც ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შენაძენია ჩვენთვის. მისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მალე დაუბრუნდეს ოპტიმლურ კონდიციას. რეინალდო ახალი ჩამოსულია, მაღალი დონის ფეხბურთელია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. პირველ რიგში, სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და ჩაერთოს საწვრთნელ პროცესში.

წაიკითხეკიდევ ერთი ბრაზილიელი დინამო ბათუმში - რეინალდო გამოცდილი თავდამსხმელია

წინ მეორე შეკრებაა, რომელიც ყველაფერს გვიჩვენებს. აქვე ვიტყვი, რომ ყველანი ველოდებოდით ნიკა საბანაძის დაბრუნებას, რომელიც დიდი ხანი ჩამოშორებული იყო ფეხბურთს. კარგად ჩაიარა რეაბილიტაციის პროცესმა და ვფიქრობ, თურქეთში უკვე სრულად დაიტვირთება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა”.    

მათე ცინცაძე (დინამო ბათუმი): “მოხარული ვარ დინამო ბათუმში გადმოსვლოთ, რადგან ვიცოდი, როგორი ფეხბურთელები და გულშემატკივრები დამხვდებოდნენ ამ გუნდში. აუცილებლად უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ორკვირიანი შეკრება გვქონდა თურქეთში, გვქონდა ამხანაგური მატჩები და წინ კიდევ ერთი თურქული შეკრება გველოდება. ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონობაა და ასევე, ევროასპარეზზე წარმატებით უნდა გამოვიდეთ".

ვაგნერ გონსალვეში (დინამო ბათუმი): “პირველი შეკრება მქონდა დინამო ბათუმთან ერთად და ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდი ბევრს მუშაობს, ვუმატებთ და ვფიქრობ, რომ დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია. ვიბრძოლებთ საქართველოს ჩემპიონატის მოსაგებად და ასევე, ჩვენი მიზანია ევროტურნირზე წარმარებული ასპარეზობა. სწორედ ეს არის ის, რისთვისაც ვვარჯიშობთ და ვემზადებით”.

'დინამო ბათუმის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, რადგან ვიცოდი რომ კარგ გუნდში მოვდიოდი' - რეინალდო

რეინალდო (დინამო ბათუმი): “კარიერის განმავლობაში დიდი გამოცდილება დავაგროვე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს გამოცდილება დინამო ბათუმს მოვახმარო. დინამოში გადმოსვლის გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, რადგან ვიცოდი რომ კარგ გუნდში მოვდიოდი. ფეხბურთელებთანაც მქიონდა კონტაქტი და მითხრეს, რომ ეს არის კლუბი ამბიციური გეგმებით. სასიამოვნოა, რომ გუნდში ბრაზილიელი ფეხბურთელები დამხვდნენ, რადგან ეს ადაპტაციის პროცესში დამეხმარება. ჩემი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა”.

იჰორ ლევჩენკო (დინამო ბათუმი): “ძალიან კარგად მიმიღეს გუნდში და მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. კარგად ვგრძნობ თავს და ადაპტაციის პერიოდიც მალე დასრულდება. ქართული ფეხბურთის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ვიცი, ჩვენ როგორ ვაპირებთ თამაშს ახალ სეზონში. რაც შეეხება გუნდის მიზანს, საქართველოს ჩემპიონობა, თასის მოგება და რაც შეიძლება შორს წასვლა ევროთასზე."

'ექიმებთან ყველა პროცედურა მაქვს გავლილი და უკვე შემიძლია სრულფასოვანი ვარჯიში გუნდთან ერთად' - ნიკოლოზ საბანაძე

ნიკოლოზ საბანაძე (დინამო ბათუმი): “ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად დავიწყე ვარჯიში და მთლიანობაში, უკეთ ვარ. მალე გუნდსაც დავუბრუნდები. ექიმებთან ყველა პროცედურა მაქვს გავლილი და უკვე შემიძლია სრულფასოვანი ვარჯიში გუნდთან ერთად. ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით ველოდებით, დიდი მიზნები გვაქვს დასახული როგორც საქართველოში, ისე ევროტურნირზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახული ამოცანები გადავჭრათ. კარგი ფეხბურთელები დაგვემატნენ, კარგი შევსება მიიღო გუნდმა და ვფიქრობ, დინამო გაცილებით ძლიერი იქნება”.

📌 მეორე თურქული შეკრება 11-22 თებერვალს გაიმართება. გია გეგუჩაძის გუნდი კიდევ 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 13 თებერვალს დონეცკის ოლიმპიკთან, 16 თებერვალს დნიპროსთან, 19 თებერვალს დესნასთან, 22 თებერვალს ლევადიასთან. კიდევ ერთი შეხვედრა 20 თებერვალს შედგება, თუმცა მეტოქე გუნდი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კომენტარები

ბოლო ამბები