Thumbnail

‘მისი პროგრესი თვალსაჩინოა’ – ჯაფარიძემ ბრივთან კონტრაქტი გააგრძელა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ბურჯს პირველ გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა
  • ლუკა ჯაფარიძე ბრივში 2022 წლამდე ითამაშებს

21 წლის ქართველმა მორაგბე ლუკა ჯაფარიძემ TOP 14-ს ბინადარ ბრივთან კონტრაქტი 2 წლით გააგრძელა და ფრანგულ გუნდში 2022 წლამდე ითამაშებს.

თბილისის ლელო-სარასენსის ახალგაზრდა ბურჯი ბრიველთა რიგებში 2018 წელს ჩაირიცხა, შესამჩნევი პროგრესი განიცადა და მიმდინარე სეზონში პირველ გუნდში სადებიუტო თამაშიც ჩაატარა, ოღონდ, არა – საფრანგეთის ჩემპიონატში, არამედ – ჩელენჯ ქაფზე.

ლუკას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, სამაგიეროდ, დიდი როლი ეკისრებოდა ქვეყნის 20-წლამდელთა გუნდში, რომელმაც ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე არაერთი მატჩი მოიგო.

ქართველმა მორაგბემ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

ლუკა ჯაფარიძე: “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომავალ წლებშიც ბრივის ღირსებას დავიცავ. თანაგუნდელებისგან, სამწვრთნელო შტაბისგანა და ქომაგებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მჯერა, საუკეთესო მატჩები ჯერაც წინ მაქვს”.

ჯერემი დევიდსონი (ბრივის სპორტული მენეჯერი): “ლუკამ მოკლე ხანში მოახერხა, რომ პირველი გუნდის წევრი გამხდარიყო. მას შრომა არასდროს დაზარებია და დიდი პოტენციალი აქვს. მომავალ წლებში ჯაფარიძის ძალიან გვეიმედება”.

ხავიერ რიკი (ბრივის გენერალური მენეჯერი): “ლუკა ახალგაზრდა მორაგბეა, რომელმაც თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა უკვე მოახერხა. მისი პროგრესი თვალსაჩინოა. მოხარულები ვართ, რომ მისი შენარჩუნება კიდევ რამდენიმე წლით შევძელით”.

შეგახსენებთ, რომ ბრივი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე “ქართული” გუნდია. ჯაფარიძის გარდა, მის ღირსებას თედო აბჟანდაძე, კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი, ოთარ გიორგაძე, ვანო კარკაძე, ვასილ ლობჟანიძე და ირაკლი ცხადაძე ირიცხებიან.

TOP 14-ს 14 ტურის თავზე, ბრიველებს 29 ქულა აქვთ და მე-9 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 15 თებერვალს, სტუმრად, ტულონთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები