Thumbnail
  • 📅 20 თებერვალი | ⌚ 19:00 | 🏀 საქართველო V შვეიცარია | 📺 პირველი არხი
  • ილიას ზუროსს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია

ორიოდ კვირაში საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება.

საქართველოს ეროვნული გუნდის ბერძენ თავკაც ილიას ზუროსს სასტარტო მატჩებისთვის შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, სამაგიეროდ, სია უკვე გამოაქვეყნეს შვეიცარიელებმა, რომლებიც ქართველთა პირველი მეტოქეები იქნებიან.

საქართველო-შვეიცარიის დაპირისპირება 20 თებერვალს თბილისში შედგება და მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო შემადგენლობით არც ზუროსის გუნდი იქნება, აშკარა ფავორიტად მაინც მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ.

ჯანლუკა ბარილარი

ამ აზრს შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობისთვის თვალის გადავლებაც ამყარებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, 55 წლის ჯანლუკა ბარილარის სიაში შემდეგი კალათბურთელები მოხვდნენ:

მიკელ-ოფიკ ნზეგე (ლუგანო), პატრიკ ბალდასარე (ფერარა, იტალია), ბორის მბალა (ფრიბურგი), ჟერემი ჟაუნინი (ფრიბურგი), ჯონატან კაზადი (ლილი, საფრანგეთი), მარკო მლადიანი (მასანო), იურაი კოჟიჩი (ბონკური), რობერტო კოვაჩი (რეიკიავიკი, ისლანდია), იური სოლკა (რივიერა), პოლ გრავე (ფრიბურგი), ჯონატან დუბა (ჟენევა), არნო კოტურე (ჟენევა), დუშან მლადიანი (მასანო), ნატან იურკოვიჩი (ფრიბურგი), რობერტ ზინი (ჟენევა), კილიან მარტინი (ნოიშატელი).

გასაგებ მიზეზთა გამო, შემადგენლობაში ამჯერად არ ფიგურირებს შვეიცარიელთა ყველაზე ცნობილი კალათბურთელი კლინტ კაპელა.

არადა, ჰიუსტონ როკეტსის ვარსკვლავმა (გუშინ ატლანტა ჰოუკსში გადავიდა) თამაში ევრობასკეტი 2021-ის პრე-საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი არ ითაკილა და ოთხ შეხვედრაში საშუალოდ 15.0 ქულა, 11.0 მოხსნა, 1.8 პასი, 1.0 ჩაჭრა და 1.5 დაფარება ჰქონდა.

ცნობისთვის, შვეიცარიელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ბრძოლა ყველაზე დაბალი დონიდან დაიწყეს და საწყის ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან (68:83, 85:79) და სლოვაკეთთან (83:80, 83:88) ჭიდილში მე-2 ადგილი დაიკავეს.

შვეიცარიის საკალათბურთო ნაკრები

აღნიშნულის წყალობით, ბარილარის შეგირდები პრე-საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით ეტაპზე აღმოჩნდნენ, სადაც მეტოქეებად ისლანდია და პორტუგალია ჰყავდათ.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ ჯგუფში ყველა მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, ამდენად, სამივე ნაკრებს 2-2 მოგება მოუგროვდა და ყველაფერი ბურთების სხვაობამ გადაწყვიტა, რომელიც საუკეთესო სწორედ შვეიცარიას აღმოაჩნდა.

ქართველთა მომავალი მეტოქის შედეგები ასეთი იყო: 77:72 და 68:84 – პორტუგალიასთანა და 82:83 და 109:85 – ისლანდიასთან.

მარკო მლადიანი

შვეიცარიელთა მხრიდან აღნიშნულ რვავე თამაშში მონაწილეობა მხოლოდ რობერტო კოვაჩმა და არნო კოტურემ მიიღეს, საუკეთესო სტატისტიკა კი ჟენევის მძიმე ფორვარდ მარკო მლადიანს ჰქონდა, რომელმაც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, თუმცა, საშუალოდ 22.0 ქულა და 13.5 მოხსნა, 2.5 პასი, 1.5 ჩაჭრა მოუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2021-ს E ჯგუფში, საქართველოსა და შვეიცარიის გარდა, სერბეთი და ფინეთიც მოხვდნენ. ეს გუნდები პირველ ტურში ესპოოში ითამაშებენ, 23 თებერვალს კი, მე-2 ტურია: სერბეთი-საქართველო, შვეიცარია-ფინეთი.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 ნაკრები 8 შესარჩევ ჯგუფშია გადანაწილებული, ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გავა.

ცხადია, ეს შერჩევა არ ეხება საქართველოს, რომელიც იტალიასთან, გერმანიასთანა და ჩეხეთთან ერთად, მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია. უშუალოდ ფინალური ტურნირი გაისად 2-19 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები