Thumbnail

ბასილაშვილი როტერდამში ითამაშებს – იქ არაერთ ვარსკვლავს ვიხილავთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან მხოლოდ 1 წრე დასძლია
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი განთესილთა შორის არ იქნება

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ აღებული მცირე პაუზის შემდეგ, კორტს 10-16 თებერვალს როტერდამში დაგეგმილ ტურნირზე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მელბურნში სამხრეთკორეელ კვონ სუნ-ვუს 6:7 (5:7), 6:4, 7:5, 3:6, 6:3 სძლია, მე-2 წრეში კი ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 6:4, 6:7 (5:7), 4:6, 4:6 დამარცხდა.

ABN AMRO WORLD TENNIS TOURNAMENT-ის საპრიზო ფონდი 2 098 480 ევროა, წილისყრის შედეგები კი კვირის ბოლოსკენ გვეცოდინება. სავარაუდოა, რომ ბასილაშვილი ამჯერად განთესილთა შორის ვერ მოხვდება, რადგანაც ჰოლანდიაში ჩასვლას არაერთი ძლიერი ჩოგბურთელი აპირებს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, როტერდამის ტურნირზე ითამაშებენ დანიილ მედვედევი (რუსეთი), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), გაელ მონფილსი (საფრანგეთი), დავიდ გოფინი (ბელგია), ფაბიო ფონინი (იტალია), რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი), დენის შაპოვალოვი (კანადა), კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი), ფელიქს ოჟიე-ალიასიმი (კანადა) და სხვები.

ქართველმა ჩოგბურთელმა ჰოლანდიურ შეჯიბრში მონაწილეობა შარშანაც მიიღო და მაშინ მე-9 ნომრად იყო განთესილი. ნიკოლოზმა სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩუნგს 4:6, 7:6 (7:1), 6:2 მოუგო, მერვედფინალში კი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ვერ გაუმკლავდა – 6:7 (1:7), 1:6.

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილს 1 440 ქულა აქვს და 27-ე ადგილზეა, მისი პიკი კი გასული წლის მაისში იყო, როდესაც მე-16 პოზიციას უწია.

კომენტარები

ბოლო ამბები