Thumbnail

'მალე ძალიან გაძვირდება' - ზურიკო დავითაშვილი რუსეთში ამ მაჩვენებლით საუკეთესოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ახალგაზრდები, რომლებიც ევროპასა და რუსეთში ყველაზე მეტს თამაშობენ
  • რუბინის 18 წლის ქართველი ლეგიონერები ამ მხრივ გამორჩეულები არიან
  • matchtv დავითაშვილისა და კვარაცხელიას დიდ პერსპექტივაზე წერს

ახლახან სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) თავ-თავიანთ კლუბებში ყველაზე ხშირად მოთამაშე, 2000 წელს და შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელთა რეიტინგი შეადგინა. სიაში მხოლოდ ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების ფეხბურთელები მოხვდნენ, კვლევაში კი 27 იანვრამდე, შიდა პირველობებზე, მოთამაშეთა მიერ მოედანზე გატარებული წუთები გაითვალისწინეს. 

დეიან კულუშევსკი პარმას ღირსებას იჯარით იცავს, ზაფხულში კი იუვენტუსს შეუერთდება

რეიტინგის სათავეში 19 წლის შვედი თავდამსხმელი დეiან კულუშევსკი მოხვდა, რომელიც 35 მილიონ ევროდ ატლანტადან იუვენტუსში გადავიდა, სეზონს კი იჯარით პარმაში ამთავრებს. მის ანგარიშზე 21 მატჩი (1797 წუთი), 5 გოლი და 7 საგოლე პასია. კულუშევსკიმ მოედანზე შესაძლებელი წუთების 95% გაატარა, რაც CIES-ის რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელია.

კულუშევსკის შემდეგ რეიტინგში სერია A-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი მოდის - 19 წლის სანდრო ტონალი (ბრეშია). ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჯამში მოედანზე 1771 წუთი დაჰყო (94% შესაძლებლიდან). ხუთეულში ასევე არიან: 19 წლის მაქს აარონსი (ნორვიჩი, 92%) 17 წლის ედუარდო კამავინგა (რენი, 89%) და ჯეიდონ სანჩო (ბორუსია, 80%).

რუსეთის ქართველი ტალანტები 

ანალოგიური კვლევა რუსეთის ჩემპიონატშიც ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ გამორჩეულები იქ ყაზანის რუბინის ახალგაზრდა ქართველი ლეგიონერები: ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. 

ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია რუბინში გასულ ზაფხულს აღმოჩნდნენ

18 წლის დავითაშვილს რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩში ითამაშა (გაიტანა 1 გოლი), თითოეულში სასტარტოში იყო, შვიდჯერ კი შეცვალეს. ჯამში მის ანგარიშზე 1209 წუთია (71%). CIES-ის კვლევაში რუსეთის ჩემპიონატიც რომ გაეთვალისწინებინათ, ზურიკო დავითაშვილი რეიტინგში მე-7 ადგილს დაიკავებდა.

რუსეთის ჩემპიონატში, დავითაშვილზე მეტ მატჩში მონაწილეობა მისმა თანამემამულე და თანაგუნდელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო - 17-ში, მაგრამ თავდამსხმელი უფრო ხშირად შეცვლაზე თამაშობდა. ამის გამო, ხვიჩას 650 წუთი დაუგროვდა, რაც შესაძლებელი დროს 38%-ია.

ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია matchtv-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცნენ. რუსული ფეხბურთის პრემიალური ტელეარხის საიტმა ჩემპიონატის ის პერსპექტიული ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ტოპკლუბებში არ გამოდიან, მაგრამ სულ მალე მათი ფასი ძალიან მოიმატებს.

matchtv სტატიაში 18 წლის ქართველებზე წერს:

ზურიკო დავითაშვილი (რუბინი - 15 მატჩი, 1 გოლი): სეზონის სტარტზე რომან შარონპოვის გუნდში შესამჩნევი ფიგურა იყო. დრიბლიორი, რომელსაც კარგი პასი აქვს, ერთ სეზოში შეძლო საქართველოს ლიგის დონიდან რუსეთის პრემიერლიგის დონემდე ამაღლება. რაც მთავარია, ის 18 წლისაა. ცოტა ხნის წინ დავითაშვილი უეფამ იმ 50 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებმაც 2020 წელს შეიძლება გაისროლონ. მან უკვე ითამაშა საქარველოს ნაკრებში.

ხვიჩა რუბინში მოსკოვის ლოკომოტივიდან გადავიდა

 ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი - 17 მატჩი, 2 გოლი და 1 პასი): აქამდე გაუგებარია, გასულ ზაფხულს როგორ გაუშვა ლოკომოტივმა ასეთი ტალანტი. სიონი უკმაყოფილებას სახალხოდაც არ მალავდა. მაგრამ ახლა კვარაცხელია რუბინის მოთამაშეა. შემოდგომით ის ეპიზოდურად ისროდა, შესაბამისად, სლუცკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ისაა, რომ მოთამაშეს სტაბილურობის მიღწევაში დაეხმაროს. ამ შემთხვევაში ის არამხოლოდ ყაზანური გუნდის ძირითადი მოთამაშე გახდება, ის ევროპული კლუბებისთვისაც საინტერესო გახდება. ხვიჩას ყველაფერი აქვს: ტექნიკა, კოორდინაცია, ალღო. საკითხი ამ ყველაფრის გამოყენებაა. ამჟამად ქართველი (გამოხმაურებით) ერთ-ერთი საუკეთესოა რუბინის შეკრებაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები