Thumbnail
  • 📅 9 თებერვალი | ⌚ 15:45 | 🏉 ესპანეთი V საქართველო | 📺 იმედი
  • ბორჯღალოსნებს მიმდინარე ტურნირზე ყველაზე რთული მატჩი ელით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთს 41:13 სძლია, მე-2 შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.

ბორჯღალოსნებმა მხოლოდ ერთი დღე დაისვენეს და სრულად გადაერთვნენ 9 თებერვალს მადრიდში დაგეგმილ თამაშზე.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეების მეტოქე ესპანეთი იქნება, რომელმაც წლევანდელი სეზონი ასევე წარმატებულად გახსნა და გასულ უქმეებზე სოჭში რუსეთს 31:12 მოუგო.

საქართველომა და ესპანეთმა ბონუს-ქულების აღებაც მოახერხეს და სატურნირო ცხრილში 5-5 ქულით ლიდერობას ინაწილებენ, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, პირველ ადგილზე მაინც ჩვენი გუნდია.

ლევან მაისაშვილი
| 📷 საქართველოს რაგბის კავშირი

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უკვე უყურა მომავალი მეტოქის თამაშს და თვლის, რომ შარშანდელთან შედარებით ესპანეთი უკეთესად გამოიყურება:

“ესპანეთს, ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდს რაგბი ევროპაზე, თავისი პლიუსები და მინუსები აქვს. მოლში აშკარა დომინანტები არიან, შარშანდელთან შედარებით უფრო მეტად არიან შეთამაშებული და დახვეწილი აქვთ სტატიკური ფაზები. ჰყავთ სწრაფი მორაგბეები ხაზში და ცდილობენ არეულ თამაშში იხეირონ. იოლი შეხვედრა ნამდვილად არ გველის“.

საქართველოს ნაკრები მოახლოებულ თამაშს დანაკლისით ხვდება. რუმინეთთან მატჩში კოჭი დაიზიანა და მადრიდში ვერ ვიხილავთ გიორგი კვესელაძეს. ტრავმირებულია მირიან მოდებაძეც. მას მუხლი აწუხებს. საფრანგეთში გაემგზავრა და გუნდს ვერ დაეხმარება კოტე მიქაუტაძე.

ოთარ გიორგაძე
| 📷 საქართველოს რაგბის კავშირი

ჯერჯერობით უცნობია ითამაშებენ თუ არა ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე. გიორგაძე რუმინეთთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და მას შემდეგ მკურნალობს. ერთ-ერთ ვარჯიშზე კუნთი გაიჭიმა ბექა საღინაძემ. ორივე მორაგბე გუნდთან ერთად რჩება და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება, მაგრამ გავლენ თუ არა ისინი მოედანზე, მოგვიანებით გაირკვევა.

შეკრებაზე ერთი ახალი სახეა – ლელო-სარასენსის უკანახაზელი აკაკი ტაბუცაძე, რომელსაც აქამდე უმცროსი ბორჯღალოსნებისა და 7-კაცას რიგებში უთამაშია.

მზადების შესახებ მაისაშვილი ამბობს:

“კვირა დღე აღდგენას დაეთმო და ორი დღეა უშუალოდ ესპანეთთან მატჩისთვის ვემზადებით. ორშაბათს ვიდეო-ანალიზი გვქონდა და მეტოქის შესახებ სრული ინფორმაცია გვაქვს.

სამწუხაროდ, მადრიდში ტრავმების გამო კვესელაძე და მოდებაძე დაგვაკლდებიან, ასევე კოტე მიქაუტაძე, რომელიც პირადი მიზეზების გამო საფრანგეთში გავუშვით.

არის რამდენიმე მიკრო-ტრავმა და სამედიცინო შტაბის პასუხს ველოდებით“.

ბორჯღალოსნები მადრიდში ხუთშაბათს გამთენიისას მიემგზავრებიან, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა შეხვედრა კი კვირას თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნები ესპანეთისთვის

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი, 1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი, 3), ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 3), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი, 6-8), ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი, 7, 8), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, კრასნოიარსკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10), თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი, 10), დავით კაჭარავა (ენისეი, კრასნოიარსკი, 13), თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი, 11-14), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, მოსკ. 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11-14), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი, 12-13), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი, 15).

კომენტარები

ბოლო ამბები