Thumbnail
  • Beinsports-ის ვერსიით, საბოლოო ვერდიქტი უკვე გამოტანილია
  • რუსეთში აღნიშნულ ცნობას ბანალური პროვოკაცია უწოდეს

მსოფლიოს ანტისადოპინგო კომიტეტის (WADA) გადაწყვეტილებით, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები მონაწილეობას ვერ მიიღებს მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც 2022 წელს ყატარში გახლავთ დაგეგმილი. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი არაბული ტელეკომპანია Beinsports ავრცელებს.

“მსოფლიოს ანტისადოპინგო კომიტეტმა ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა რუსულ მხარეს, სადაც 2022 წლის მსოფლიოს პირველობასთან დაკავშირებულ აკრძალვაზეა საუბარი” – იუწყება Beinsports-ის ტვიტერის გვერდი არხის რეპორტიორზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ რუსებისთვის თავზარდამდემი ამბავი გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. მაშინ WADA-ს აღმასკომმა ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის კომიტეტის რეკომენდაციას, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე. სასჯელის მიზეზი მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მიერ მონაცემთა გაყალბება გახლდათ.

რუსებს ოთხი წლით აუკრძალეს მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში (მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში) მონაწილეობის უფლება, კონკრეტულად საფეხბურთო ტურნირებთან დაკავშირებით კი, მაშინვე გაურკვეველი ვითარება შეიქმნა.

იუწყებოდნენ, რომ რუსეთს პრობლემა არ ექნებოდა ევრო 2020-ზე თამაშთან დაკავშირებით, რადგა ფიფასგან განსხვავებით, უეფას WADA-სთან ხელშეკრულება არ გააჩნია.

აი, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების მონაწილეობა კი თავიდანვე კითხვის ქვეშ დადგა. მაშინ BBC წერდა, რომ მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, რუსები ფინალურ ეტაპზე ნაციონალური სიმბოლიკისა და ჰიმნის გარეშე იასპარეზებდნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, Beinsports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა რუსული მხარისთვის. ამაზე, მათი პირველი კომენტარებიც მოწმობს. მაგალითად, რუსეთის ანტისადოპინგო კომიტეტის (RUSADA) თავმჯდომარე იური განუსმა კონკრეტული ვერაფერი თქვა.

“კომენტარის გაკეთება მიჭირს. ამაზე საუბარი ადრეც იყო. წავიკითხე ინფორმაცია, რომ თუკი WADA-ს 9 დეკემბრის ვერდიქტი სასამართლოს მიერ იქნებოდა გამყარებული, შესარჩევ ციკლში ჩვენი დროშით ვითამაშებდით, ფინალში კი, ეს, შეუძლებელი იქნებოდა...

ამჟამად, რაიმე ახლის თქმა არ შემიძლია. სჯობს, დამატებით ინფორმაციას დაველოდოთ. ხომ გესმით, ფეხბურთი ძალიან მტკივნეული თემაა, რომელიც ყოველთვის წინა პლანზეა. თუმცა, სხვა სპორტის სახეობებიც დიდი დარტყმის ქვეშ გვყავს, იგივე – მძლეოსნობა”.

ტრადიციულად შეტევაზე გადავიდა და გავრცელებულ ინფორმაციას სისულელე უწოდა რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა.

“მორიგი აბსურდია, რომელიც დროდადრო ჩნდება. WADA-ს არ შეუძლია ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვას. ეს მხოლოდ ფიფას კომპეტენციაა. თუკი განცხადებას ეს ორგანიზაცია გააკეთებს, სერიოზულად მაშინ ვისაუბროთ. თუკი ამაზე ახლა ვილაპარაკებთ, პრობლემას ჩვენ თვითონ გავაბუქებთ. ჯერჯერობით, ეს, ბანალური პროვიოკაციაა”.

რამდენიმე წუთის წინ მცირე განცხადებით შემოიფარგლა რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-სამსახური:

“ვადასგან 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ჩვენი ნაკრების სტატუსის შესახებ რაიმე შეტყობინება არ მიგვიღია”.

კომენტარები

ბოლო ამბები