Thumbnail
  • ზაზა ფაჩულია მინესოტას კალათბურთელებს აკვირდებოდა
  • ქართველის დასკვნები გოლდენ სტეიტს ტრეიდში უნდა დაეხმაროს

ვეტერანი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომელიც ამჟამად გოლდენ სტეიტ უორიორსის კონსულტანტია ბიზნესისა და საკალათბურთო საკითხებში, სკაუტის რანგში მოგვევლინა და სპეციალური მისიით საკრამენტო კინგსისა და მინესოტა ტიმბერვულვზის მატჩს დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში გაცვლების დედლაინი 6 თებერვალია, ამდენად, უახლოეს საათებში არაერთი ტრანსფერი იგეგმება. ერთ-ერთ გარიგებაში, რომელშიც 4 გუნდია გარეული, გოლდენ სტეიტი და მინესოტაც ფიგურირებენ.

მის თანახმად, უორიორსის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი დ’ანჯელო რასელი ტიმბერვულვზის წევრი გახდება, გოლდენ სტეიტელები კი ენდრიუ უიგინსსა და დამატებით დრაფტ-პიკებს მიიღებენ.

როგორც ამერიკული პრესა წერს, უორიორსში სხვა ვარიანტებზეც ფიქრობენ და მინესოტას თამაშზე დასაკვირვებლად საკრამენტოში გუნდის გენერალური მენეჯერის ასისტენტი – მაიკ დანლივი უმცროსი და ზაზა ფაჩულია წარგზავნეს.

ირკვევა, რომ მაიკმა და ზაზამ ტიმბერვულვზისა და კინგსის მატჩის ოთხივე მეოთხედს უყურეს და ალბათ, დასკვნებიც გამოიტანეს, რომელთა შესახებაც მხოლოდ გარიგების დადების შემთხვევაში თუ შევიტყობთ.

დ'ანჯელო რასელი და გოლდენ სტეიტის მწვრთნელი სტივ კერი

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა გოლდენ სტეიტთან ერთად NBA-ს ჩემპიონობა 2-ჯერ იზეიმა. მან სანუკვარი ბეჭედი 2017 და 2018 წლებში მოიგო.

ქართველი კალათბურთელი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში 16 წელი თამაშობდა და რეგულარულ სეზონში 1 000-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

ზაზა ორლანდოს, მილუოკის, ატლანტას, დალასისა, გოლდენ სტეიტისა და დეტროიტისა ღირსებას იცავდა, უორიორსის კონსულტანტის რანგში კი გასული წლის ზაფხულში მოგვევლინა.

კომენტარები

ბოლო ამბები