Thumbnail
  • კორონავირუსი ოლიმპიურ თამაშებზეც მოახდენს გავლენას
  • ამის შესახებ ტოკიოს თამაშების მთავარმა ორგანიზატორმა ისაუბრა

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების (24 ივლისიდან 9 აგვისტომდე) საორგანიზაციო კომიტეტის შეფი ტოშირო მუტო ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსის გამო ძალიან ნერვიულობს. ამის შესახებ მან დრეს, საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, იაპონიის დედაქალაქში ისაუბრა.

ტოშირო მუტო

“უკვე ძალიან ვნერვიულობთ იმის გამო, რომ ვირუსის გავრცელებამ შესაძლოა, ოლიმპიურ თამაშებზე ცივი შხაპივით იმოქმედოს. იმედი მაქვს, რომ ვირუსის დამარცხება მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდება. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, პარალიმპურ კომიტეტთან და ქალაქ ტოკიოს ხელმძღვანელობასთან. ეპიდემიის დასამარცხებლად ყველაფერი კეთდება, მაგრამ ნერვიულობის საფუძველი გვაქვს,” - განაცხადა ტოშირო მუტომ.

ოთხშაბათამდე ჩინეთში კორონავირუსის 24 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 490-ია. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები 24 ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორის იაპონიაშიც - თუმცა ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში ამ ვირუსით არავინ გარდაცვლილა. 

ტოკიოს მერმა იურიკო კოიკემ გასულ უიქენდზე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს (25 აგვისტო, 6 სექტემბერი) საფრთხე არ შეექმნას. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე იაპონიაში დაახლოებით 11 000 მონაწილეს ელოდებიან.

“იმედი მაქვს, რომ კორონავირუსთან ბრძოლა მალე წარმატებით დასრულდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სპორტსმენები დავიცვათ,” - ეს ტოკიოს ოლიმპიური სოფლის, საბურო კავაბუჩის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები