Thumbnail

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მე-8 ტურში დინამო თბილისმა იტალიურ პრო რეკოს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 3:13. დინამომ ზედიზედ მერვე მატჩი წააგო, პრო რეკო კი ლიდერი (6-2 ბალანსი). მატჩის შემდეგ, დინამოს მწვრთნელმა და მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს:

რევაზ ჩომახიძე (დინამო თბილისის მწვრთნელი): “ფავორიტი მეტოქე იყო და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე: ვაპენსკი და ელაჩა მხოლოდ გუშინ დაუბრუნდნენ საწვრთნელ პროცესს. გარდა ამისა, გუნდი დაღლილია ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რამაც იმოქმედა ჩვენი თამაშის ხარისხზე. ასეთ რეალობაში, რთულია უძლიერეს მეტოქესთან დაპირისპირება, თუმცა უკეთ შეგვეძლო თამაში.

საქართველოს ნაკრებს წინ ელოდება ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირი და ყველაფერი, რაც იქამდე მოხდება, სწორედ იმ მატჩებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვiყენოთ. ამასთან, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩემპიონთა ლიგაზე და ვეცდებით ავიღოთ ქულები, განსაკუთრებით კი საშინაო შეხვედრებში”.

ანდრო ბითაძე (დინამო თბილისი): “სულ რაღაც ერთი კვირაა დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი და ვერ მოვასწარით ძალების აღდგენა ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ. მით უმეტეს, პრო რეკო იგივე დონის გუნდია წყალბურთში, რაც ბარსელონა და რეალი ფეხბურთში. რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებული გვყავდა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნორმალურად ვითამაშეთ. წინ კიდევ არის თამაშები და მჯერა, რომ არა თუ 3 ქულას, 9 ქულასაც მოვიპოვეთ. ამის ძალა რომ შეგვწევს, ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა”.  

ზურაბ რურუა (დინამო თბილისი): “პრო რეკო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და რთული მეტოქეა არა მარტო ჩვენთვის, ყველასთვის. იყო მომენტები ჩვენ თამაშში, რომელიც დადებითად უნდა შევაფასოთ, თუმცა მთლიანობაში, დაღლილობამ იჩინა თავი. ვფიქრობ, მომავალში უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ და უკეთესი შედეგიც გვექნება, რადგან ჩვენც მოვუმატებთ და მეტოქეებიც უფრო სუსტი გვეყოლება”.

კომენტარები

ბოლო ამბები