Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი მცველის თქმით, ტრავმა ბოლომდე მოიშუშა
  • 27 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ გაზაფხულიდან სათამაშო დრო მიეცემა
  • საბა კვერკველიას აზრით, ჯანო ანანიძე კვიპროსში დიდხანს არ გაჩერდება

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად სეზონის განახლებისთვის ყატარში ემზადება. საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის მცველი ახლახან რუსულ მედიას ესაუბრა, სადაც თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ საბამ, რომელსაც შარშან გაზაფხულიდან მოყოლებული, ტრავმა აწუხებდა, 2019/20 წლების სეზონში სულ 3 მატჩში ითამაშა - რუსეთის თასზე, რუსეთის პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.

"რთული ტრავმა მქონდა და იმედი მაქვს, ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა. თავს დღითიდღე უკეთესად ვგრძნობ. ამჟამად მზად 80%-ით ვარ. არ მაქვს არავითარი დისკომფორტი და ტკივილი, სრული დატვირთვით ვემზადები. დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე მოედანზე უფრო ხშირად გავალ. სამწუხაროდ, სეზონის პირველ ნაწილში პრაქტიკა ცოტა მქონდა".

საბა სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად ყატარში ემზადება

საბამ ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ლოკომოტივის გამოსვლა შეაფასა და სეზონში გუნდის მიზანიც დაასახელა. რუსეთის პრემიერლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, რკინიგზელებს 34 ქულა აქვთ, ლიდერ ზენიტს 11-ით, ხოლო მეორე ადგილოსან კრასნოდარს ქულით ჩამორჩებიან: 

"მიმაჩნია, რომ გუნდი ღირსეულად გამოიყურებოდა, თუკი ჯგუფის შემადგენლობას გავითვალისწინებთ. თამაშის მიხედვით, ტურინში ფრეს ვიმსახურებდით. იუვენტუსთან საშინაო მატჩშიც არ გაგვიმართლა, ბოლო წამებზე გავუშვით. ევროპაში სხვა დონის მეტოქეებთან გვიწევს თამაში და ჩვენი განწყობაც განსხვავებულია. სეზონის საგაზაფულო ეტაპზე ლოკომოტივის ამოცანა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა იქნება. ზენიტის დაწევა ძნელი იქნება, მეორე ადგილისთვის კი უნდა ვიბრძოლოთ".

ჯანო ანანიძეს ანორთოსისთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს

საბამ ჯანო ანანიძის ტრანსფერზეც ილაპარაკა, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთი დატოვა და მოსკოვის სპარტაკიდან კვიპროსულ ანორთოსისში გადავიდა:
 
"მე და ჯანო ვმეგობრობთ და რა თქმა უნდა, ამ ტრანსფერზე ვისაუბრეთ კიდეც. ზოგადად კი, ჯანო კვიპროსში კი არა, საქართველოში წავიდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, შემადგენლობაში კი კიდევ ოთხი ქართველია. ეჭვი არ მეპარება, რომ ჯანოს ანორთოსისში ძალიან თბილად, ქართულად დახვდნენ. ისე კი, არ მგონია, რომ ის იქ დიდხანს დარჩეს. ფორმას აღიდგენს და კარიერის გასაგრძელებლად, ევროპაში უფრო საინტერესო ვარიანტს გამონახავს".

კომენტარები

ბოლო ამბები