Thumbnail

ავთანდილ ასათიანი: ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლებთ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საქართველომ შესარჩევში 18 გოლი გაიტანა და მხოლოდ 4 გაუშვა
  • ფუტსალის ნაკრებმა გერმანია (3:1), ავსტრია (9:2) და კოსოვო (6:1) დაამარცხა
  • ავთანდილ ასათიანი განვლილ მატჩებს აჯამებს და მომავალს იმედიანად უყურებს

ფუტსალში ევროპის მომავალი ჩემპიონატი 2022 წელს გაიმართება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო იმ რთული გზის გავლა, რომელმაც გუნდი ნიდერლანდებში ჩასატარებელ ტურნირამდე უნდა მიიყვანოს. თბილისში ჩატარებულ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ავთანდილ ასათიანის გუნდმა სამივე მატჩი დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო და პირველობა არავის დაუთმო. 

📋 მეტი ამ თემაზე:

POPSPORT: პირველ რიგში, გილოცავთ ამ წარმატებას. მოვიგეთ სამივე თამაში, თან დამაჯერებელი ანგარიშებით. მიუხედავად ამისა, ალბათ შენიშნავდით ხარვეზებს, რომლებიც დასახვეწია. მითუმეტეს, რომ მომავალში მეტოქეები უფრო ძლიერები იქნებიან. 

ავთანდილ ასათიანი: რთული დასაწყისი გვქონდა. ველოდით, რომ გერმანიის ნაკრები სერიოზულ წინააღმდეგობას გაგვიწევდა. ვისაც ახსოვს ის მატჩი, დამეთანხმება, რომ რამდენჯერმე მეტოქეს სწრაფი კონტრიერიშების განვითარების შესაძლებლობა მივეცით. ეს ერთის მხრივ, ჩვენი შეცდომა იყო და მეორეს მხრივ, იმანაც გამოიწვია, რომ მაგალითად, თალესი უვარჯიშებელი იყო, ჰქონდა პრობლემები სიმი საიოტსაც. საბოლოოდ ამ კონკრეტული მატჩის და ტურნირის მსვლელობაშიც ყველაფერი დალაგდა და მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ვგეგმავდით

📺 საქართველო - გერმანია 3:1

POPSPORT: მომდევნო ეტაპზე როგორი სტილის ნაკრებები იქნება საქართველოს ეროვნული გუნდისთვის მისაღები და როგორი ხელწერის გუნდებთან გაგვიჭირდება?

ავთანდილ ასათიანი: ასარჩევად საქმე არ გვაქვს. გაცნობიერებული გვაქვს, რომ პირველი ორი კალათის გუნდები საკმაოდ ძლიერები არიან. მაგალითად, ჩემი გადმოსახედიდან, კლასში გერმანიის და კოსოვოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობა არაა, მაგრამ განსხვავებულია მათი თამაშის მანერა. გერმანელები უპირატესობას უფრო სქემატურ, სისტემაში ჩამჯდარ თამაშსს ანიჭებენ, კოსოვოს ნაკრებში კი გაცილებით ძლიერი ინდივიდუალისტები არიან, მაგრამ მათი ინდივიდუალიზმი და ტექნიკა მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ვლინდება. ეს იმიტომ, რომ ნაკლებია სისტემური მომედებები. საქართველოს ნაკრებისთვის შედარებით რთულია გერმანიის ნაკრების მსგავს გუნდებთან თამაში.

📺 საქართველო - ავსტრია 9:2

POPSPORT:  რამდენად რეალურია, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ რთული შესარჩევი ციკლის დაძლევაზე იფიქროს?

ავთანდილ ასათიანი: წარმატებაზე ფიქრი რეალურია და აი, რატომ. ფაქტია, რომ იმ ეტაპზე, საიდანაც საქართველოს ნაკრები შესარჩევს იწყებს, ყველა მეტოქეს ორი თავით ვჯობივართ. ეს უკვე რამდენიმე წელია მტკიცდება ჩვენს მიერ გამართული მატჩების შედეგებით. ბოლო ოთხ წელიწადში გუნდმა 39 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 24 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გარკვეულ, თან ნორმალურ დონეს მივაღწიეთ. ახლა საჭიროა, რომ ეს დონე შევინარჩუნოთ და რა თქმა უნდა, განვვითარდეთ. ისევე როგორც სპორტის ყველა სახეობაში, ფუტსალშიც სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრები სტაბილურად კარგ შედეგებს აჩვენებს, რაც მაფიქრებინებს, რომ გუნდს აქვს მომატების რესურსი

POPSPORT:  თუ გადავხედავთ განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცის ნაკრებებს, აღმოვაჩენთ, რომ გუნდებში ძალიან ბევრი ლეგიონერია. ლეგიონერები საქართველოს ნაკრებსაც ყავს  აპირებთ თუ არა ამ მიმართულებით  მუშაობის გაგრძელებას?

ავთანდილ ასათიანი: იმისთვის, რომ ნაკრებში ლეგიონერმა ითამაშოს, იგი აუცილებლად ბევრად უნდა სჯობდეს ქართველ მოთამაშეს. ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქეობის მქონე კიდევ ერთი ლეგიონერი, ფუმასა, რომელიც ამ მატჩებისთვის არ გამოვიძახეთ. ამ პერიოდში იგი სანაკრებო დონეს არ აკმაყოფილებდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მეორე ოთხეულის ფეხბურთელებმა აშკარად მოუმატეს. ერთობლივმა ვარჯიშებმა მოგვცა ის შედეგი, რომ კონკურენცია გუნდში მოსახვედრად გაიზარდა. ცდება ყველა ის ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მეორე ოთხეული პირველთან შედარებით ნაკლებ პროდუქტიულია. უბრალოდ, ფეხბურთელების წინაშე განსხვავებული ამოცანები დგას. გუნდურობა სწორედ ესაა. მეორე ოთხეული როდესაც მოედანზეა, მას კონკრეტული მითითებები ეძლევა, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებს შედეგიან თამაშსს. აქცენტი უფრო იმაზე კეთდება, რომ მეტოქე ფიზიკურად დაღალოს, გამოფიტოს, რათა შემდეგ სხვებს თავისი ამოცანების შესრულება გაუადვილდეთ. ჩემი ამოცანა, თითოეულ ფეხბურთელს საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალება მივცე. 

📺 საქართველო - კოსოვო 6:1

ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში გაიმართება და მასში კონტინენტის 16 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად კი 32 ნაკრები, მათ შორის საქართველო, მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე იბრძოლებს. ამ ეტაპის წილისყრა 2020 წლის 14 მაისს ნიონში ჩატარდება, მატჩები კი 2021 წლის თებერვალში, აპრილსა და სექტემბერში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები