Thumbnail

ჩელსი კონფლიქტის ზღვარზე - ლამპარდს კეპას გაყიდვა სურს, ბოსები არ ეთანხმებიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა კეპა არისაბალაგას მიმართ ნდობა საბოლოოდ დაკარგა
  • ლამპარდს ესპანელი მეკარის გაყიდვა სურს, კლუბის ხელმძღვანელობა კი არ ეთანხმება
  • ლონდონურ კლუბში დიდ ფინანსურ ზარალს ერიდებიან

ლონდონის ჩელსის მთავარ მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის უთანხმოება გაჩნდა, რაც შესაძლოა გაღრმავდეს და უფრო სერიოზულ პრობლემებში გადაიზარდოს. ასეთ ვარაუდს ინგლისური მედია გამოთქვამს, რომლის ცნობით, ფრენკ ლამპარდსა და ჩელსის ხელმძღვანელობას შორის წარმოქმნილი პრობლემის მიზეზი კეპა არისაბალაგაა. 

იუწყებიან, რომ ინგლისელმა სპეციალისტმა 25 წლის ესპანელი გოლკიპერის ნდობა დაკარგა, რაც ბოლო მატჩებში კეპას არადამაჯერებელმა თამაშმა გამოიწვია. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მსოფლიოს უძვირფასესმა მეკარემ ლესტერთან მატჩში ჩელსის კარში ადგილი 38 წლის ვეტერანს - ვილი კაბალიეროს დაუთმო.

როგორც ირკვევა, ლამპარდი ზაფხულში მეკარის გაყიდვითაა დაინტერესებული, მის ადგილზე კი ბარნლის მეკარე ნიკ პოუპსა და კრისტალ პალასის გოლკიპერს ვისენტე გუაიტას განიხილავს.

ესპანელი მეკარის მომავალი ლონდონურ კლუბში გაურვეველია

საქმე ისაა, რომ ჩელსის ხელმძღვანელობა არ იზიარებს ლამპარდის შეხედულებებს. ლონდონური კლუბის დირექტორი მარინა გრანოვსკაია არ აპირებს ესპანელი მეკარის გაყიდვას, რომელიც ორი წლის წინ კლუბს 80 მილიონი ევრო დაუჯდა. ჩელსიში არ სურთ ლამპარდსა და არისაბალაგას შორის არცთუ კარგი ურთიერთობის გამო, ფინანსურად იზარალონ.

ლონდონის ჩელსი მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, შინ მანჩესტერ იუნაიტედთან ჩაატარებს და საინტერესოა, ამ შეხვედრისთვის მეკარეთა შორის როგორ არჩევანს გააკეთებს ფრენკ ლაპმარდი.

ფრენკ ლამპარდსა და მარინა გრანოვსკაიას განსხვავებული პოზიციები აქვთ

კეპა არისაბალაგა ლონდონის ჩელსიში 2018 წლის ზაფხულში, ბილბაოს ატლეტიკიდან 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამჟამად transfermarkt ესპანელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები