Thumbnail
  • 5 თებერვალი | ⌚ 00:00 | 🏀 რეალი V ბასკონია
  • მადრიდელთა მთავარი ამოცანა ქართველი უნივერსალის შეჩერება იქნება

თორნიკე შენგელიას ბასკონიას, რომელიც ევროლიგის მიმდინარე სეზონში წარუმატებლად თამაშობს, ხვალ, გვიან ღამით მორიგი გამოცდა ელის.

ბასკონიელები მადრიდში არიან ჩასულნი, სადაც ესპანურ დუელში ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ მადრიდის რეალს გაეჯიბრებიან.

თუ ვინაა ფავორიტი ამ შეხვედრაში, ცხადზე ცხადია. რეალს გაცილებით უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და 22 ტურის თავზე 16 მოგებით მოსკოვის ცსკა-სთანა და ბარსელონასთან ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, ბასკონია კი 8 გამარჯვებით მე-14 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის პლეი-ოფში საუკეთესო 8 გუნდი გადის, ამ ზონას კი, შენგელიას გუნდი 3 მოგებით ჩამორჩება. ამდენად, დარჩენილ ტურებში ბასკებისთვის თითოეულ წარმატებას უდიდესი ფასი ექნება.

მოახლოებული მატჩის წინ, ყველა თანხმდება, რომ თოკოზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. აი, რას წერს ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

“რეალის უმთავრესი მიზანი თორნიკე შენგელიას შეჩერება იქნება. ბასკონიას მძიმე ფორვარდს ხომ არსენალში ყველაფერი გააჩნია, შესაბამისად, ყველაფერი შეუძლია:

ის მოედანზე უკანახაზელივით სწრაფად გადაადგილდება, ფარქვეშ ცენტრივით სარგებლიანად მოქმედებს და საშუალო თუ შორეული სროლებიც ეხერხება.

სავარაუდოა, რომ მადრიდელები მის შეჩერებას ენტონი რენდოლფს დაავალებენ, რომელიც ასევე უნივერსალია”.

მე-15 ტურში ესპანურმა გუნდებმა ვიტორიაში ითამაშეს და მაშინ რეალმა იოლად იმარჯვა – 77:55. იმ შეხვედრაში თოკომ მოედანზე 30:55 წუთი გაატარა და 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ქართველი ლეგიონერის ფაქტორზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეალის მთავარმა მწვრთნელმა პაბლო ლასომაც.

“ბასკონია ახალ მწვრთნელთან ერთად, უკვე სულ სხვა გუნდია. მათ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა და ისინი უფრო მაღალ ტემპში ათამაშდნენ.

ბასკონიას მთავარი მოთამაშე უდავოდ შენგელიაა, რომელსაც ბევრი ქულის ჩაგდება სულაც არ სჭირდება, რათა მატჩის გმირად იქცეს”.

ცნობისთვის, თორნიკე ბასკონიელთა ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში აქვს დაწყებული.

ქართველ ლეგიონერს ბოლო ექვს მატჩში მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტიც ორნიშნა რიცხვით გამოიხატებოდა.

ასევე 6 თამაშია, ჩვენებურს მინიმუმ 1 ჩაჭრა აქვს განხორციელებული.

შენგელია ეფექტურობის საშუალო მაჩვენებლით (18.73) ევროლიგაში მე-6 ადგილზეა, საშუალოდ ჩაგდებულ ქულების მიხედვით (16.0) კი, მე-7 პოზიცია უკავია.

თორნიკეს შეტევაში ერთადერთი მოხსნა სჭირდება, რათა ევროლიგურ კარიერაში, აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებელში 200-ან ნიშნულს უწიოს.

კომენტარები

ბოლო ამბები