Thumbnail

კონფლიქტი ყველას თვალწინ - თომას ტუხელს და კილიან მბაპეს ვერ არიგებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის მთავარ მწვრთნელსა და ფორვარდს შორის ურთიერთობა დაიძაბა
  • მბაპე მონპელიესთან მატჩის დროს შეცვლამ წყობილებიდან გამოიყვანა
  • ტუხელის თქმით, გადაწყვეტილებას ყოველთვის მხოლოდ თავად მიიღებს

საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში პარი სენ-ჟერმენი უპრობლემოდ გაუმკლავდა მონპელიეს - 5:0, თუმცა პარიზელებს საქმე გასახარად მაინც არ ჰქონდათ. გუნდის მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელსა და პსჟ-ის ვარსკვლავ კილიან მბაპეს შორის მორიგი კონფლიქტი მოხდა.

46 წლის გერმანელმა მწვრთნელმა ფეხბურთელი მატჩის 69-ე წუთზე შეცვალა, რასაც ამ უკანასკნელის უკმაყოფილება მოჰყვა. ტუხელმა და მბაპემ ურთიერთობის გარკვევა იქვე, მოედნის მიღმა, ყველას თვალწინ დაიწყეს, რაც კამერებითაც დაფიქსირდა.

"ეს არცთუ კარგი სიტუაციაა, მაგრამ ერთადერთი კლუბი არ ვართ, რომელსაც ასეთი რამ დაემართა. მე უკვე ჩემპიონთა ლიგაში დორტმუნდთან თამაშზე ვფიქრობ. მბაპეზე გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ დაღონებული ვარ, რადგან ასეთი რეაქციის საჭიროება არ იყო. აქ მე ვარ მწვრთნელი და არა ვინმე სხვა, გადაწყვეტილებას თავად ვიღებ და ასე იქნება ყოველთვის. ფეხბურთს ვთამაშობთ, ჩოგბურთს კი არა. ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ", - თქვა ტუხელმა მონპელიესთან თამაშის შემდეგ.

21 წლის ფრანგ თავდასხმელს აღიზიანებს ის, რომ მას ყოველთვის პირველს ცვლიან მაშინ, როდესაც მოედანზე რჩება ნეიმარი ან ანხელ დი მარია. ფაქტია, ამ სეზონში კილიანი ლიგა 1-ის მატჩებში 5-ჯერ შეცვალეს - უფრო მეტჯერ, ვიდრე პსჟ-ის რომელიმე შემტევი.

21 წლის ფრანგი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ მწვრთნელი მის მიმართ უსამართლოა

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილინ მბაპემ, თომას ტუხელმა და პსჟ-ის დირექტორმა სპორტულმა ლეონარდომ შეხვედრა გამართეს და კონფლიქტი განიხილეს, თუმცა პრობლემის მოგვარება მაინც ვერ შეძლეს.

მბაპე კარგა ხანია არ მალავს, რომ ზაფხულში შესაძლოა კლუბი შეიცვლოს, თავის მხრივ პსჟ კი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ამაოდ ცდილობს. ცნობილია, რომ თავდამხმელის მიმართ, რომელსაც პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მადრიდის რეალი და ლივერპული ინტერესდებიან.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ პსჟ-ის მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

პარი სენ-ჟერმენს 55 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები